გიგი წერეთელმა ვილნიუსში, ლიეტუვის მთავარი ოპოზიციური პარტიის „სამშობლოს კავშირი-ქრისტიან დემოკრატები“ ყრილობაში მიიღო მონაწილეობა

პარტია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიგი წერეთელმა ვილნიუსში, ლიეტუვის მთავარი ოპოზიციური პარტიის “სამშობლოს კავშირი-ქრისტიან დემოკრატები“ (TS-LKD) ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.

პარტიის ინფორმაციით, 1000-ზე მეტი დელეგატს სიტყვით მიმართეს პარტიის ლიდერებმა და საერთაშორისო პარტნიორი პარტიების წარმომადგენლებმა.

“ლიეტუვას ქრისტიან-დემოკრატებსა და “ევროპულ საქართველოს“ გვაკავშირებს არა მხოლოდ ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება, არამედ ჩვენი საერთო პოლიტიკური ოჯახი - ევროპის სახალხო პარტია, EPP და რაც მთავარია, საერთო რწმენა - დემოკრატია ფუფუნება არ არის, სუვერენიტეტი ვაჭრობის საგანი არ არის, ხოლო ევროპა მხოლოდ გეოგრაფია არ არის - ის ღირებულებებზე დაფუძნებული ერთობაა, რომლის დაცვაც ძალიან ფასეულია.

დღეს ამ ღირებულებების ბედი უკრაინაში წყდება, ამიტომ უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს, სხვა შემთხვევაში, გზავნილი მკაფიო იქნება: აგრესია შედეგს იძლევა, საზღვრების შეცვლა ძალის გამოყენებით შესაძლებელია და საბოლოოდ, დემოკრატიული სამყაროს შესაძლოა უკან დახევა მოუწიოს. ჩვენ არ უნდა დავუშვათ ასეთი გზავნილი!“, - განაცხადა გიგი წერეთელმა ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, ლიეტუვას საქართველოსთვის არასოდეს შეუქცევია ზურგი და ამისთვის ჩვენ უზომოდ მადლიერი ვართ.

“თქვენ საქართველოს მხარს უჭერდით არა იმიტომ, რომ ეს მარტივი იყო. თქვენ საქართველოს მხარს უჭერდით იმიტომ, რომ ეს სწორი იყო. დღესაც გთხოვთ, ეს მხარდაჭერა გააგრძელოთ. არა იმიტომ, რომ საქართველო ქველმოქმედებას საჭიროებს, არამედ იმიტომ, რომ საქართველოს ბრძოლა საერთო ევროპული საქმეა“, - განაცხადა წერეთელმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში ქვეყანა მტკიცედ მიყვებოდა ევროპულ გზას, საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო, რაც იყო უდიდესი ეროვნული სიამაყისა და იმედის მომენტი, მაგრამ რუსეთის ჰიბრიდული ომის გაძლიერებასთან ერთად საქართველოს დემოკრატიულმა ტრაექტორიამ მიმართულების შეცვლა დაიწყო.

“მიზანმიმართულად გვაშორებენ იმ ევროპულ მომავალს, რომელიც ქართველმა ხალხმა აირჩია - ეს კი გარდაუვლად აქცევს ქვეყანას რუსეთის გავლენის სფეროში. და მაინც, ქართველები წინააღმდეგობას აგრძელებენ. თითქმის ორი წელია მოქალაქეები კვლავ და კვლავ გამოდიან ქუჩებში, საფრთხის მიუხედავად. მათ ხელში ევროკავშირის დროშები უჭირავთ, უჭირავთ უკრაინის, მოლდოვის ამერიკის, ლიეტუვის დროშები, ისინი ამ დროშებს იმიტომ ატარებენ, რომ ზუსტად იციან, რა სურთ. მათ იციან, სად არის საქართველოს ადგილი. და ისინი დათმობას არ აპირებენ“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა.

მისივე თქმით, საქართველოს ადგილი ევროპაშია არა როგორც შორეული ოცნება, არამედ როგორც კონკრეტული და მიღწევადი მიზანი.

“ჩვენ ამისთვის ვიბრძოლებთ არჩევნებით, სამოქალაქო წინააღმდეგობით, პოლიტიკური აქტიურობით და ჩვენს ხელთ არსებული ყველა მშვიდობიანი და დემოკრატიული საშუალებით. სრული რწმენით მჯერა, რომ მათი ბრძოლა და თავგანწირვა ამაო არ იქნება. ქართველი ხალხი ისტორიის სწორ მხარეს დგას და ის გაიმარჯვებს“, - განაცხადა წერეთელმა.

პარტია ”ევროპული საქართველოს“ ცნობით, ყრილობაზე ლიეტუვის ქრისტიან-დემოკრატიულმა პარტიამ გიგი წერეთელს სპეციალური ჯილდო გადასცა. ასევე დაჯილდოვდნენ უკრაინის ყოფილ პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი და ვიცე-პრემიერი მიხაი პოპსოი, ესტონეთის ოპოზიციის ლიდერი ურმას რეინსალუ.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა