„საერთაშორისო გამჭვირვალობა" აჭარაში უძრავი ქონების პრივატიზაციაზე - 2025 წლის იანვრიდან გამოცხადებული 69 ელექტრონული აუქციონიდან 54 არ შედგა, შემდგარი 15 აუქციონიდან 8 შემთხვევაში კი ქონება სრულიად უკონკურენტოდ, საწყის ფასზე მინიმალური ბიჯით გასხვისდა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში უძრავი ქონების პრივატიზაციის პროცესი შეისწავლეს.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მონაცემების ანალიზი ცხადყოფს, რომ სახელმწიფო ქონების გასხვისება ხშირ შემთხვევაში კონკურენციის გარეშე, მმართველ პარტიასთან დაკავშირებული პირების სასარგებლოდ მიმდინარეობს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ცნობით, ამ პროცესის ფორმალურობასა და საეჭვო გარემოებებზე მიუთითებს თუნდაც ის ფაქტი, რომ ერთ-ერთი გამარჯვებული კომპანია - შპს „გოდე 2026“ - უშუალოდ აუქციონის მიმდინარეობისას, მის დასრულებამდე სულ რაღაც ერთი კვირით ადრე დაფუძნდა.

„კვლევის ძირითადი მიგნებები აჩვენებს შემდეგ მანკიერ კანონზომიერებებს:

უკონკურენტო პრივატიზაციის პრაქტიკა: 2025 წლის იანვრიდან გამოცხადებული 69 ელექტრონული აუქციონიდან 54 არ შედგა. შემდგარი 15 აუქციონიდან 8 შემთხვევაში კი ქონება სრულიად უკონკურენტოდ, საწყის ფასზე მინიმალური ბიჯით გასხვისდა;

პოლიტიკური კავშირები და ნეპოტიზმი: პრივილეგირებულ სუბიექტებს შორის ვხვდებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის მეგობარს (რომელმაც კურორტ გოდერძიზე მიწა მინიმალური, 3,300-ლარიანი ფასნამატით შეიძინა) და „ქართული ოცნებიდან“ ხელვაჩაურის საკრებულოს წევრ შოთა ფუტკარაძეს, რომელიც ბათუმის პორტის მიმდებარე ტერიტორიას დაეუფლა;

ფინანსური გარიგებები და სახელმწიფო ტენდერები: აღნიშნული კომპანიების მფლობელებსა და მათ ოჯახის წევრებს მმართველი პარტიისთვის ჯამში 1,387,000 ლარი აქვთ შეწირული. თავის მხრივ, აუქციონებში გამარჯვებულმა ორმა კომპანიამ სახელმწიფოსგან, ტენდერების გზით, დამატებით 59.5 მილიონ ლარზე მეტი მიიღო (მათ შორის, თითქმის 16 მილიონი - უკონკურენტოდ).

ამგვარი პრაქტიკის პირდაპირი შედეგი სახელმწიფო ბიუჯეტის მნიშვნელოვანი დანაკლისია. მაშინ, როდესაც მმართველი პარტიის ელიტა ქონებას მინიმალურ ფასად იფორმებს, აჭარის ბიუჯეტში დაგეგმილი 125 მილიონის ნაცვლად, გასხვისდა მხოლოდ 4.5 მილიონი ლარის უძრავი ქონება (გეგმის 3.6%)“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სრული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა