მედია - ბათუმიდან აფრენილი მცირე ზომის კერძო თვითმფრინავი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა

ბათუმიდან აფრენილი მცირე ზომის კერძო თვითმფრინავი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა, - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

კერძო თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც ორი ადამიანი იმყოფებოდა, ბათუმიდან ორდუ-გირესუნის აეროპორტისკენ მიფრინავდა, როდესაც ტექნიკური გაუმართაობის გამო რიზეს პროვინციის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა.

მაშველებმა ორივე ადამიანის გადარჩენა მოახერხეს და მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება.

თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ორადგილიანი WT9 ტიპის თვითმფრინავი საფრანგეთშია რეგისტრირებული.

რიზეს გუბერნატორმა იჰსან სელიმ ბაიდაშმა განაცხადა, რომ თვითმფრინავის ბორტზე ორი ბელგიელი მამაკაცი იმყოფებოდა.

„მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ერთი მათგანი 55 წლისაა, მეორე კი 69 წლის. ისინი შემოწმებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს“, - აღნიშნა გუბერნატორმა.

რიზეს პაზარის რაიონის გამგეობამ თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ბელგიის მოქალაქეების სახელებიც გაავრცელა და ავარიული დაშვების მიზეზად ძრავის გაუმართაობა დაასახელა. მათი განცხადებით, ბორტზე ბელგიის ორი მოქალაქე - ვლასელერ ვერნერი და კრისტიან პაიფერი იმყოფებოდა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა