კახა კახიშვილი - თუ დამნაშავეა ირაკლი ღარიბაშვილი, აგოს პასუხი, მოიხადოს, რასაც სასამართლო მიუსჯის, მაგრამ რასაც ახლა ვუყურებ, ამას დამატებითი „შპილკაობა"  ჰქვია და არ არის კარგი!

თუ დამნაშავეა [ირაკლი ღარიბაშვილი], აგოს პასუხი, რასაც სასამართლო მიუსჯის, მოიხადოს, მაგრამ რასაც მე ახლა ვუყურებ, ამას ჰქვია დამატებითი „შპილკაობა" და არ არის კარგი! , - ამის შესახებ პოლიტიკოსმა კახა კახიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

კახა კახიშვილის თქმით, ყოფილი პრეიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისთვის თუ რამე ჰქონდათ სათქმელი, მაშინ უნდა ეთქვათ, ვიდრე თავისუფალი იყო, ხოლო ახლა, „როდესაც 10-15 - წლიან სასჯელზეა საუბარი, მასზე ასეთი ხისტი განცხადებები უბრალოდ არ ტოვებს შთაბეჭდილებას სიძლიერეზე“.

„ადამიანი არის პატიმრობაში და რასაც ჩვენ ვისმენთ, პროკურატურის განცხადებებს… ის სანქცია, რომელზეც არის საუბარი, საკმაოდ მაღალია. წარმოვიდგინოთ, რამდენად მძიმე ფსიქოლოგიურ სტრესშია ადამიანი, რომელიც ციხეშია. მით უმეტეს, დარწმუნებული ვარ, ყველა გადაცემას, რისი საშუალებაც არსებობს პენიტენციურ სისტემაში, უყურებს, ყველა ადამიანის კომენტარს უსმენს და ასეთ ფონზე ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. კატეგორიული შეფასების გაკეთება აქეთა ფლანგიდან, როდესაც თავისუფლებაზე ხარ და კარგ მანქანაზე ზიხარ, შემდეგ კარგ კაფეში გადიხარ და კარგი ხელფასი გაქვს, ხისტი შეფასება ბევრად ადვილია, ვიდრე იმ ადამიანისთვის, რომელიც ციხეში ზის. როდესაც საუბარია პატიმარზე ან განსაცდელში მყოფ ადამიანზე, შენი სიძლიერე გამოიხატება იმაში, რომ უფრო დაუთმო, არ აყვე, არ შეურაცხყო, ვინაიდან, უნდა გაითვალისწინო იმ ადამიანის მდგომარეობა მიუხედავად იმისა, შენ რას ფიქრობ იმ ადამიანზე. სიძლიერე იმაში გამოიხატება, რომ ძლიერი როცა ხარ, სუსტი არ დაჩაგრო. თუ ძლიერი ხარ, ძლიერად მიგაჩნია თავი, წადი და შენზე ძლიერს ედავე. ამას ყველას მისამართით ვამბობ. ზოგადად არ მესმის, როდესაც ხედავ, რომ ადამიანი ცოტა მძიმე მდგომარეობაშია, მიუხედავად იმისა, დამნაშავეა თუ არა, როცა ის პატიმარია, როდესაც საუბარია შენი გუნდის წევრზე, შენს ყოფილ ლიდერზე, რომელთან ერთადაც წლების განმავლობაში ლხინში თუ ჭირში ერთად იყავით, სუფრებზე ისხედით, ერთმანეთის სადღეგრძელოებს სვამდით და როცა ხედავ, რომ ახლა ადამიანი ფსიქოლოგიურ სტრესშია, იქიდან რაღაც განცხადებებს აკეთებს, შენი აზრით, ცდილობს, რომ თავი გამოიძვრინოს სიტუაციიდან, დაუთმე, რა საჭიროა, იდგე და კომენტარები გააკეთო მაშინ, როდესაც სხვა სიბრტყეში ხარ.

თუ რამე გქონდა სათქმელი [ღარიბაშვილისთვის], მაშინ უნდა გეთქვა, სანამ თავისუფალი იყო. ახლა, როდესაც ის ჩაკეტილია და 10-15 - წლიან სასჯელზეა საუბარი, [მასზე] ასეთი ხისტი განცხადებები უბრალოდ არ ტოვებს შთაბეჭდილებას შენს სიძლიერეზე. არ შეიძლება, რაღაც უნდა გაატარო, როცა შენ ძლიერი ხარ. თუ თავი გაქვს, როცა პრემიერი იყო, მაშინ გესაუბრა ან როდესაც პატიმრობაში არ იყო. დღესაც არსებობენ მათზე ძლიერები და თუ რამ სადაო აქვთ, წავიდნენ და მათზე ძლიერებს ედავონ, შეუძლიათ? ადამიანი, რომელიც წაქცეულია და ძალიან სერიოზულ განცდებშია, იმას გადაუარო, მარტივია, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ეს ნორმალურია და ასე შეიძლება, მიუხედავად იმისა, ადამიანი მართალია თუ დამნაშავეა. ეს სასამართლოს დასადგენია და ასეთი კომენტარები იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც 24 საათი კაბინეტში რიგში ედგნენ და მისი სადღეგრძელოთი იწყებდნენ და ამთავრებდნენ სუფრას, ჩემი აზრით, ცოტა არასწორია“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა