ევროპას ჩვენთან სახვეწარი არ აქვს, რომ მაინც და მაინც საქართველო უნდა იყოს ევროკავშირის წევრი. ჩვენი ამოცანაა, როგორმე გავარღვიოთ ეს რუსული სივრცე და იმ ქვეყნებთან ვიყოთ, სადაც ნორმალურად, მშვიდობიანად და კარგად ცხოვრობენ, -ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
მან ირაკლი კობახიძის - პარიზში, ასევე შალვა პაპუაშვილის - ბელგიასა და ლუქსემბურგში დაგეგმილი ვიზიტები, ასევე, ბრიუსელის მიმართ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებები შეაფასა და აღნიშნა, რომ თუ ისინი ევროპის ქვეყნებში ევროკავშირის გასაკრიტიკებლად ჩადიან, ეს უშედეგო იქნება.
„მთავარი ამბავი ის არის, რა იქნება ხვალ? რისკენ მიდის „ქართული ოცნება“?რა შედეგი უნდა დადგეს ჩვეულებრივი ადამიანებისთვის? არ ვარ და არც ვიყავი იმის მომხრე, რომ სრული იზოლაცია უნდა მოხდეს. სრული იზოლაციის პირობებში, თუ შეუგნებელი ხალხი მართავს ქვეყანას, მას ის კი არ ამოძრავებს, ისტორიაში როგორ დარჩება, როგორც ამ ქვეყნის ხელისუფლებაში მყოფი ჯგუფი, არამედ ის ადარდებს, თუ რას შექმნის, რამდენად გამდიდრება და ეს არის მთავარი ინსტრუმენტი. თავიდანვე ასე ფიქრობს, ვინც ყველაფერს გეგმავს, რომ ფულით ყველაფრის გაკეთება შეიძლება - თუ ფულით არ შეიძლება, მაშინ ბევრი ფულით შეიძლება. ამ მიმართულებით მიდიან და ასეთ შემთხვევაში, რაღაც იდეალებზე ლაპარაკი ზედმეტია. წასვლა-მოსვლა არის კონიუნქტურული, როგორც წერილები მოდის ხოლმე. ასეთ წერილს იღებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელიც, ბურუნდიც, სამოაც და შეიძლება ნაურუც. კარგია, რომ ჩადიან. კარგია, რომ ჯერ კიდევ ესაუბრებიან. ეს გარკვეულწილად ავანსიც არის იმიტომ, რომ ევროპას ჩვენთან სახვეწარი არ აქვს, რომ მაინც და მაინც საქართველო უნდა იყოს ევროკავშირის წევრი. ჩვენი ამოცანაა, როგორმე გავარღვიოთ ეს რუსული სივრცე და იმ ქვეყნებთან ვიყოთ, სადაც ნორმალურად, მშვიდობიანად და კარგად ცხოვრობენ“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.
მისი შეფასებით, საქართველოსთვის შანსები ჯერ კიდევ არსებობს, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს, თუმცა ამისთვის რეფორმების გატარებაა საჭირო.
„ყველას სურს, რომ საქართველოს მოსახლეობამ მშვიდობიანად იცხოვროს და განვითარდეს. ბევრი მაგალითი არსებობს, თუ რა მოიტანა ევროკავშირმა, წლებია ამაზე ვსაუბრობთ, მაგრამ ანტიდასავლური პროპაგანდის ავანგარდშიც არიან სწორედ "ქართული ოცნების“ ლიდერები, მათ შორის პაპუაშვილი, რომელიც ახლა ევროპაში მიემგზავრება. ამას სჭირდება პასუხი, ბევრი ახსნა, რასაც დემოკრატიული პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება და მედია აკეთებს. ამ განსაკუთრებულ გუნდში წევრობას თავისი პირობები აქვს. ეს პირობები ბევრჯერ განგვიმარტეს, ბევრჯერ მოგვცეს ვადა, ჯერ ერთი „ყვითელი ბარათი“ ამოიღეს, მერე მეორე, არ უნდათ საქართველოს მოედნიდან გაძევება, მაგრამ ესენი ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს ასე მოხდეს. ამის შემდეგ, მათ აბრალებენ ყველაფერს და რუსეთთან თავს იმართლებენ შიშების თუ ვალდებულებების გამო. ევროინტეგრაციის შანსი ჯერ კიდევ არსებობს, მაგრამ თუ ეს დელეგაცია იმის სათქმელად მიდის - „თქვენ არ ვარგიხართ, ცუდად გვექცევით და ჩვენ რასაც გვინდა იმას ვაკეთებთ, ასეთი უნდა მიგვიღოთო“, რა თქმა უნდა, ეს საქმე არ გამოვა. თუ არ არის ჩაფიქრებული, რომ საბოლოოდ ისე გამწვავდეს ყველაფერი, რომ ვიზალიბერალიზაცია აღარ იყოს, სხვა შეზღუდვები დაწესდეს და საქართველო საერთოდ ამოვარდეს“, - განაცხადა წერეთელმა.
გარდა ამ საკითხისა, მან გაფართოების საკითხებში ევროკომისარ, მარტა კოსის განცხადებაც შეაფასა, რომ „კანდიდატმა ქვეყნებმა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის დონალდ ტრამპის მოძრაობა MAGA-სთან კავშირები უნდა გაწყვიტონ“.
გიგი წერეთელი მიიჩნევს, რომ ეს განცხადება არასწორი იყო.
„ქართული ოცნების“ მხარეს ვერ დავიჭერ, მაგრამ არც ეს მიმაჩნია პოლიტიკურად სწორ განცხადებად. შეიძლება სხვა ენა გამოიყენოს, როცა ასეთი მაღალი დონის ტრიბუნიდან კეთდება ამგვარი მოწოდება. ნებისმიერ შემთხვევაში, ალბათ, ამის წყარო არის ის მომენტი და დაძაბულობა, რომელიც ამ შემთხვევაში არსებობს. ამ წუთისთვის კანდიდატი ქვეყანა არის ბალკანეთის ქვეყნები და ძალიან დაჩქარებით ხდება უკრაინის და მოლდოვის ინტეგრირება.
„ქართული ოცნება“ ისევ ევროკავშირს დაუპირისპირდება და ეცდება, აშშ-სა და ევროკავშირის კაპიტალიზაცია მოახდინოს. სამწუხაროდ, არსად არის ასეთი ვითარება, როგორც საქართველოში. არც ამ დონის კორუფციაა, არც ამდენი პოლიტიკური პატიმარია, არც ასეთი კანონმდებლობაა, არც ასეთი უპერსპექტივობაა. ამიტომ, ამ პირობებს დასჭირდება წინ წაწევა, შესრულება. როცა ბატონი პაპუაშვილი ევროპაში ჩაბრძანდება, დარწმუნებული ვარ, მას ამას შეახსენებენ. ვურჩევ, დრო ფუჭად არ დაკარგოს“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.
ამასთან, მან ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს არის „რევოლუციური პარანოიაა“, რომელიც ავტორიტარულ რეჟიმებში ხდება.
„თუ ამ ყველაფერს შევხედავთ პრიზმაში და იმ რეალობაში დავინახავთ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ კვაზი, ავტოკრატიულ, ზოგიერთი მიმართულებით დიქტატორულ, სრული ოლიგარქიული სისტემის და რეჟიმის პირობებში, მაშინ ეს ყველაფერი უფრო ადვილად ასახსნელია. ასეთი სისტემები ამას თავისთავად გულისხმობს. აქ არ ხდება გადაწყვეტილების მიღება, სახელმწიფო ინსტიტუტების აშენება, სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინება, ყველაფრის მორგება ხდება ოლიგარქიულ, „კლანურ“ ინტერესზე, რომ მთავრობა უნდა დაკომპლექტდეს პირადი ერთგულებით, საკვანძო ადგილებზე უნდა იყვნენ ადამიანები, ვინც ერთგულები არიან ამ სისტემის ან კონკრეტული ადამიანის. იქ დაშვებულია კორუფცია, ოღონდ ის არის კონტროლირებადი. რაღაცის ზემოთ ასვლა დასჯას იწვევს. მუდმივი საფრთხე არის, რომ შიდა ბაზრები არ გაჩნდეს, რომელიც ასეთი სისტემების დროს ყოველთვის ჩნდება. ადამიანებს უჩნდებათ პროფესიული, მორალური დილეგები, რადგან ხედავენ, რომ უსამართლობა ხდება. დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების“ ბევრ მხარდამჭერს არ მოსწონს არც ევროკავშირიდან გადახვევა, არც რუსეთთან კოლაბორაციის მცდელობა, არც ამ დონის კორუფცია, როცა ბევრი მათგანი შეიძლება მშიერია და ხედავენ, რომ თავიანთი „ბოსები“ მილიარდებს იყოფენ, მერე თუ ვინმემ „თავანი“ არ ჩაუტანა, აპატიმრებენ და ასე შემდეგ. ამიტომ, ახლა ამის შემყურე ვართ. ეს არ არის ძლიერი ხელისუფლების ინდიკატორი. დასუსტების რეჟიმში მყოფი რეჟიმის გაძლიერების მცდელობაა. ეს არის რღვევის და დასუსტების ნიშნები.
ირაკლი ღარიბაშვილი თავისივე შექმნილი სისტემის მსხვერპლი მართლა გახდა. ის უამრავი ინფორმაციის მატარებელია. ახლა ის ცდილობს ამ სისტემის დაზიანებას. ეს არის შიდა ბრძოლა, რომელიც მათ არაფერს კარგს არ მოუტანს. მგონია, რომ მნიშვნელოვანი დაღმა სვლის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.
რაც შეეხება ოპოზიციურ პოლიტიკურ ველზე არსებულ ვითარებას, გიგი წერეთელი პარტიებს შორის არსებულ დაპირისპირებას არ ეთანხმება. მისი შეფასებით, ეს საზოგადოებაში უიმედობას იწვევს.
„დაპირისპირებას ცუდად ვუყურებ. პიროვნულიდან ბევრი რამ დიდ კონფლიქტებზე მიდის. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ძალიან მნიშვნელოვან ისტორიულ პერიოდში ცხოვრობთ, ყოველგვარი პათეტიკის გარეშე. ამ პოლიტიკურ ისტებლიშმენტს, პოლიტიკურ ნაწილს შეუძლია სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად ისტორიული გამარჯვება მოიპოვოს. ჩვენ თუ ეს ხელიდან გავუშვით, მერე ისტორია ძალიან უსამართლოა, პოლიტიკაც შეიძლება ძალიან უსამართლო იყოს და ვერასდროს დაეწევი ამას, აუცილებლად გაჩნდებიან სხვა ადამიანები. თუ აქვს პრეტენზია, შენ იყო მონაწილე, მაგრამ ერთმანეთის შეურაცხყოფას გადააყოლო ყველაფერი, ეს ადამიანებში ფრუსტრაციას იწვევს. არავის ვამუნათებ, ნამდვილად არ მომწონს და არც არასდროს დავუჭერ მხარს. შეიძლება ჩემი მეგობრები არიან, მაგრამ არც ამის დაწყებაა კარგი. მოწმენდილ ცაზე როცა რაღაცას ვაკოწიწებთ, ერთობას ვაშენებთ, როცა ყველანი მაგიდასთან ვსხდებით, შესავალი ვაკეთეთ - „არ გვიყვარს ერთმანეთი, მაგრამ საქართველოსთვის მაინც ერთად ვიქნებითო“, ამის შემდეგ იწყებ რაღაცის გახსენებებს, წამოძახებებს, შემდეგ შევდივართ იმ ლაბირინთში, რომლიდან გამოსვლაც ძალიან რული ხდება. მე რა უნდა მოვუწოდო, ამას ყოველდღიურად ვეუბნები. შეიძლება ნაკლებად ვერევი ამ ამბავში საჯაროდ, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს“, - განაცხადა წერეთელმა.