ნატო-ს მოკავშირეებმა არქტიკის წყლებში წყალქვეშა კაბელების მწყობრიდან გამოყვანის მიზნით რუსეთის დივერსიის მცდელობა აღკვეთეს, - ინფორმაციას Reuters-ი დასავლელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ნატო-ს მოკავშირეებმა ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში, შპიცბერგენის არქიპელაგის მახლობლად რუსული წყალქვეშა ნავები აღმოაჩინეს, რომლებიც საიდუმლო იარაღის გამოყენებით წვრთნებს ატარებდნენ.
წყაროების თქმით, იარაღი კრიტიკულად მნიშვნელოვანი წყალქვეშა კაბელების მწყობრიდან გამოსაყვანად არის შექმნილი და გამოყენების კვალს არ ტოვებს.
რუსული საიდუმლო ოპერაცია ნორვეგიამ, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მა გაზაფხულზე გამოავლინეს, რის შემდეგაც რუსულმა გემებმა ტერიტორია დატოვეს.
ოფიციალურმა პირებმა გამოცემასთან საუბარში აღნიშნეს, რომ წვრთნებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ღრმაწყლოვანი კვლევების მთავარი სამმართველო ატარებდა.
მათივე თქმით, რუსეთს წყალქვეშა კაბელები არ დაუზიანებია და წვრთნების დროს აქცენტი ტექნოლოგიის გამოყენების სიმულაციაზე კეთდებოდა.
„ჩვენი ერთობლივი ოპერაციით რუსეთს მკაფიო მესიჯი გავუგზავნეთ, რომ ფარულად მოქმედებას ვერ შეძლებს“, - განაცხადა ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა, ტორე სანდვიკმა.