სტუ-ის რექტორი პროფესორ ირინა ბადაგაძის გარდაცვალების გამო ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მეცნიერის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორისა და ასოცირებული პროფესორის, სტუ-ის ყოფილი კანცლერის ირინა ბადაგაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და მის კოლეგებს.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ერთ-ერთი გამორჩეული მეცნიერის, ღვაწლმოსილი პედაგოგისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ირინა ბადაგაძის გარდაცვალების გამო.

ქალბატონ ირინას მრავალწლიანი, ნაყოფიერი შემოქმედებითი და პროფესიული მოღვაწეობა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან აკავშირებდა, სადაც მან თავისი მასშტაბური ადმინისტრაციული საქმიანობით წარუშლელი კვალი დატოვა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა მის მოღვაწეობას უნივერსიტეტის კანცლერის თანამდებობაზე. ქალბატონი ირინა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კანცლერი იყო, ეს პასუხისმგებლობა მას უნივერსიტეტისათვის უმძიმეს პერიოდში დაეკისრა. 1990-იანი წლები საქართველოსთვის უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური გამოწვევების ხანად იქცა. გაჭირვება, ენერგეტიკული კრიზისი, ფინანსური სირთულეები და ყოველდღიური ყოფის უმძიმესი პირობები უშუალოდ აისახებოდა უნივერსიტეტის ცხოვრებაზეც. ასეთ ვითარებაში უნივერსიტეტის მართვა განსაკუთრებულ სიმტკიცეს, პროფესიონალიზმსა და საქმისადმი თავდადებას მოითხოვდა.

სწორედ ამ ურთულეს წლებში იდგა ქალბატონი ირინა უნივერსიტეტის სათავეებთან. მისი კანცლერად საქმიანობის პერიოდი იყო უნივერსიტეტის გადარჩენისთვის ბრძოლა.

ქალბატონი ირინა უნივერსიტეტის ისტორიაში დარჩა როგორც პირველი კანცლერი და როგორც ადამიანი, რომელმაც უმძიმეს წლებში საკუთარ თავზე აიღო უდიდესი პასუხისმგებლობა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ ირინა ბადაგაძის ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მეგობრებსა და კოლეგებს ამ მძიმე დანაკლისის გამო.

უფალმა დაუმკვიდროს მარადიული სასუფეველი“, - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამძიმარში.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა