საია მიიჩნევს, რომ თორნიკე რაზმაძის მიმართ, „ფეისბუქ“ კომენტარის გამო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის დაწყება ცენზურის პრეცედენტია - მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს აღნიშნულ საქმეზე დაწყებული წარმოება და თავი შეიკავოს კრიტიკული გამოხატვის კონტროლისა და დასჯისაგან , - ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას განცხადებაშია აღნიშნული.
მათივე განცხადებით, თორნიკე რაზმაძის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის კიდევ ერთი მაგალითია.
„აქტივისტის, თორნიკე რაზმაძის მიერ 2026 წლის 10 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი კობახიძის და რუსეთის პროპაგანდისტების - მარგარიტა სიმონიანისა და ვლადიმერ სოლოვიოვის განცხადებების შესახებ „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებული ვიდეოს კომენტარებში გაკეთებული კომენტარის გამო, მის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე წარმოება დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით შსს-მ მიიჩნია, რომ კომენტარი “შეიცავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სავარაუდო სამართალდარღვევის ნიშნებს.”
შსს-ს მიერ „ტვ პირველისთვის“ მიცემული განმარტების მიხედვით “ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ იმ სამართალდარღვევების გამოსავლენად,რომლებიც მოიცავს როგორც კონკრეტული პირის შეურაცხყოფას, ასევე, საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინებას. აღნიშნულის ფარგლებში გამოვლენილია მოქალაქე თორნიკე რაზმაძის და ასევე, ანა ბდეიანის შეურაცხმყოფელი კომენტარები, რომელმაც სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მიაყენა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. მათ მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე მიმდინარეობს.”
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის 1-ლი ნაწილი გულისხმობს საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინებას, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელ გადაკიდებას და სხვა ამგვარი მოქმედებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან/და მოქალაქეთა სიმშვიდეს. ნორმა სანქციის სახით 500 ლარიდან 3 000 ლარამდე ოდენობით ჯარიმას ან 20 დღემდე ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ მარგარიტა სიმონიანი (რუსული პროპაგანდისტული მედიის, Russia Today-ს რედაქტორი) და ვლადიმირ სალავიოვი (რუსული სამთავრობო მედიის ტელეწამყვანი) რუსი პროპაგანდისტები არიან, რომელიც პრო-პუტინისტური, მათ შორის ანტი-ქართული, ანტი-უკრაინული და ომის მხარდამჭერი რიტორიკით გამოირჩევიან. იმ ვიდეოში, რომელზეც გაკეთებულ კომენტარსაც, გავრცელებული ინფორმაციით, მოჰყვა აქტივისტის წინააღმდეგ საქმის წარმოება, მარგარიტა სიმონიანი საქართველო-რუსეთის ისტორიაზე საუბრობს და ამბობს, რომ “მეფე ერეკლე მუხლებზე დაჩოქილი ითხოვდა პატიებას რადგან დედა რუსეთში მიეღოთ [...] კვლავ ვნახავთ, ახალი მეფე ერეკლეები როგორ შეეხვეწებიან დედა რუსეთს”. სიმონიანის ამ განცხადებასთან დაკავშირებით, თორნიკე რაზმაძემ ვიდეო ჩაწერა, სადაც სიმონიანის და ირაკლი კობახიძის რუსოფობიისთვის მიძღვნილ ბრიფინგზე გაკეთებული განცხადებები ერთმანეთს შეადარა. ამავე ვიდეოზე კომენტარებში აქტივისტმა დაწერა "ამათი დედას შევე*ი "ნა კალენიახ"”.
შსს-ს მიერ საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის საბაბით კრიტიკულად განწყობილი ადამიანების დასჯა შემაშფოთებელ პრაქტიკად იქცა, რომელიც საზოგადოების დაშინებას, მწვავე პოლიტიკური გამოხატვის დასჯას და მსუსხავი ეფექტის შექმნას ისახავს მიზნად. სიახლე არ არის ის, რომ სახელმწიფო სრულიად უგულებელყოფს გამოხატვის თავისუფლების დაცვისთვის დადგენილ სტანდარტებს, მათ შორის, არ ითვალისწინებს გამოხატვის მნიშვნელობას საჯარო დისკუსიაში, არ აფასებს ჩარევის აუცილებლობასა და პროპორციულობას.
საიას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე მითითებით, არაერთხელ აღუნიშნავს, რომ თავად ვულგარული ფრაზების გამოყენება არ არის საკმარისი იმისთვის, რომ განცხადება შეურაცხმყოფელად ან საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევად იქნეს მიჩნეული. გასათვალისწინებელია, რომ ვულგარულ გამოხატვას შესაძლოა მხოლოდ სტილისტური დატვირთვა ჰქონდეს. ეროვნულმა სასამართლოებმა უნდა დაიცვან სათანადო ბალანსი და უნდა განასხვავონ დაცული პოლიტიკური ან საზოგადოებრივი ინტერესის მქონე გამოხატვა გაუმართლებელი პირადი შეურაცხყოფისგან.
თორნიკე რაზმაძის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის კიდევ ერთი მაგალითია. ამასთან, ეს შემთხვევა განსაკუთრებით ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას. გარდა იმისა, რომ სახელმწიფო სრულიად უგულებელყოფს კომენტარის კონტექსტს და საჯარო დისკუსიაში მის მნიშვნელობას, ამ შემთხვევაში, მსუსხავი ეფექტის შექმნის სამიზნე, მათ შორის, კრემლის ანტი-ქართული პროპაგანდისადმი კრიტიკული გამოხატვაც ხდება“, - ნათქვამია განცხადებაში.