ეკა კუპატაძე - მოკლულია უდანაშაულო ახალგაზრდა, საბრალდებო სკამზე იყვნენ მკვლელობის ფიგურანტები და მათი ადვოკატი იცინოდა მთელი პროცესის განმავლობაში - იმ სიცილისთვის პასუხს ვაგებინებ

გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის, ეკა კუპატაძის განცხადებით, ერთ-ერთი ბრალდებულის, ნია იმნაძის ადვოკატი, გიორგი ლეკიშვილი მთელი სასამართლო პროცესის განმავლობაში „დასცინოდა“.

ეკა კუპატაძის თქმით, გიორგი ლეკიშვილი პროცესის განმავლობაში ტელეფონსაც იყენებდა, რის გამოც მანდატურსაც კი მოუწია შემოსვლა და რეაგირება.

„ლეკიშვილის ცოლი სასამართლოს დარბაზში სათვალეებით იღებდა. სათვალეები, რითაც იღებდა, გააძევეს, ჩამოართვეს და შემდეგ ისევ შემოუშვეს. სასამართლო პროცესზე ლეკიშვილი უშნოდ იცინოდა, უტეხად მიყურებდა. ლეკიშვილი არის შეურაცხადი. ანასტასია ბერუაშვილზეც მინდა ვთქვა, ჩემი აზრით, ეს გოგოც შეურაცხადია.

გარდაცვლილია, მოკლულია, უდანაშაულო ახალგაზრდა და საბრალდებო სკამზე იყვნენ ამ მკვლელობის ფიგურანტები და მათი ადვოკატი იცინოდა მთელი პროცესის განმავლობაში, უტეხად მიყურებდა. მეც ვუსწორებდი თვალს, გვერდზე არ ვიყურებოდი.

მანდატური შემოვიდა სასამართლო პროცესზე და თქვა, რომ შეამჩნიეს, ლეკიშვილი იყენებდა ტელეფონს, არ ვიცი „ლაივს" უშვებდა თუ იწერდა, მაგრამ მანდატური შემოვიდა შენიშვნით. ლეკიშვილი, ჩემი აზრით, არის შეურაცხადი, დამცინოდა შვილის სიკვდილისთვის და ის ამისთვის პასუხს აგებს, ვფიცავ. ლიკა ლეკიშვილი დღევანდელი სიცილისთვის პასუხს აგებს. მე რომ ნია იმნაძის ჩანაცვლება [ციხეში] დამჭირდეს, ლეკიშვილს მაინც ვაგებინებ პასუხს იმ სიცილისთვის“, - განაცხადა ეკა კუპატაძემ.

ცნობისთვის, მასწავლებელ გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ ბრალი კიდევ ორ არასრულწლოვანს - ნია იმნაძესა და ანასტასია ბერუაშვილს 6 აგვისტოს წაუყენა. იმნაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებას გულისხმობს, რაც 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ანასტასია ბერუაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარუდგინეს, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ბრალდების თანახმად, ნია იმნაძემ მის მეგობრებს - ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა, მისი მასწავლებელი გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ, რითაც მან ალექსანდრე გაბაშვილი წააქეზა, თანამზრახველებთან ერთად თავს დასხმოდა გიგა ავალიანს. საბოლოოდ, ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძის და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელიც 23 დღის შემდეგ, სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

საერთო ჯამში, საქმეზე დაკავებულია 7 პირი - ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე, ანი ნასყიდაშვილი, დემეტრე ჩიქოვანი, გიორგი მალანია, ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი. მათგან ოთხი - ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე, ანი ნასყიდაშვილი და დემეტრე ჩიქოვანი მსჯავრდებულები არიან.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა