გოტა ჭანტურია - „ქართული ოცნებისთვისაც“ კი სამარცხვინო ლაქაა, როცა ოკუპანტი  ქვეყნის წარმომადგენლების შეურაცხყოფაზე იწყენენ გამოძიებას - რუსულ მედიაში მათ უკვე აქებენ

მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“ წევრი გოტა ჭანტურია აცხადებს, რომ ხელისუფლების მიმართ ნდობის საფუძველი არ არსებობს და სამოქალაქო აქტივისტ თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ დაწყებულ პროცესს რეპრესიულ ქმედებად აფასებს.

შესაბამისი განცხადება გოტა ჭანტურიამ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოზე საუბრისას გააკეთა.

როგორც ჭანტურიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ როგორც არ უნდა იმართლოს თავი, „ეს არის სამარცხვინო ლაქა მათთვისაც კი“.

„ჩვენ გვაქვს ყველა პირობა იმისთვის, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ვენდოთ. მათი გატეხილი სიტყვის გამო, შეცვლილი გადაწყვეტილებების გამო, მათი წარსულის გამო და ა.შ. ამიტომ, მაშინ, როდესაც ასეთ სამმართველო არსებობს და ამაზე ვსაუბრობთ, ეს უკვე წარმოუდგენელი რაღაცაა. რატომღაც სელექციურად არჩევს ადამიანებს და ვინც ყველაზე მეტად აწუხებს „ქართულ ოცნებას“, რატომღაც მხოლოდ ეს ადამიანები ჰყავს სამიზნედ აღებული. ეს კიდევ უფრო სხვა მასშტაბია, როდესაც ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელთან დაკავშირებით იწყებენ გამოძიებას, იმიტომ რომ მას შეურაცხყოფა მიაყენეს. „ქართულმა ოცნებამ“ როგორც არ უნდა იმართლოს თავი ეს არის სამარცხვინო ლაქა მათთვისაც კი. მათი მიზანია თორნიკეს გაჩუმება, დაშინება. მას პატიმრობაც ემუქრება 20-დღიანი“,- განაცხადა გოტა ჭანტურიამ.

მისი თქმით, განსაკუთრებით პრობლემურია შემთხვევა, როდესაც, მისივე შეფასებით, გამოძიება ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლის შეურაცხყოფის გამო იწყება.

„ერთის მხრივ ესა რის ინდივიდის მიმართ განხორციელებული რეპრესია, რაც ცალსახაა, ამას ვერავინ უარყოფს. გარდა ამისა, ეს არის სიგნალი სხვა ადამიანებისთვის, რომ მათ ანალოგიური ქმედება არ ჩაიდინონ. მესამე მხრივ, ეს არის მონური ფსიქოლოგიის გამოვლინების უმაღლესი ხარისხი. რუსულ მედიაში უკვე გავრცელდა ეს ამბავი. ამის გამო „ქართულ ოცნებას“ აქებენ, ამბობენ, რომ ისინი სწორად იქცევიან. რაღაცნაირად ჩვენებაა რუსეთის სახელმწიფოსთვის, თუ რამდენად მორჩილია ეს მთავრობა. სამივე მიმართულებით ფაქტი სახეზეა.

საზოგადოება უნდა გამოფხიზლდეს, რადგან გვაჩვევენ ამ რეალობას. ნელ-ნელა გვაჩვევენ, რომ თითქოს ეს ნორმალურია. ირაკლი კობახიძეზეც რომ ყოფილიყო მსგავსი ტიპის განცხადება, ამაზეც ადამიანის 20 დღის ციხეში ჩასმა წარმოუდგენელია“,- განაცხადა გოტა ჭანტურიამ.

გოტა ჭანტურია ასევე გამოეხმაურა ახალი პოლიტიკური ძალის შექმნის გეგმას და აღნიშნა, რომ მისი მთავარი მიზანი პოლიტიკური ალტერნატივის ჩამოყალიბებაა.

გარდა ამისა, ჭანტურიამ ისაუბრა ოპოზიციურ ფლანგზე მიმდინარე დაპირისპირებაზე და აღნიშნა, რომ პოზიციურმა ძალებმა წარსულში დაშვებულ შეცდომებზე სათანადო რეაგირება ვერ მოახდინეს და საზოგადოებრივი მობილიზების ნაცვლად, მისი შეფასებით, დამაზიანებელი ნაბიჯები გადადგეს.

„ვფიქრობ, რომ მთავარი შეცდომა არის ის, რომ აქამდე არ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, სწორედ ამიტომ ვაყალიბებთ პარტიას „მოძრაობა სოციალურ-დემოკრატიისთვის“. მალე გარდაიქმნება, როგორც პოლიტიკური პარტია. ჩვენ არ გვაქვს რწმენა, რომ არსებული პოლიტიკური კლასით შეიცვალოს ხელისუფლება. იმის ნაცვლად, რომ მათ რეფლექსია მოეხდინათ თუ რა ტიპის შეცდომები იქნა დაშვებული. შეცდომები იყო დაშვებული, მაშინ ამ შედეგამდე რატომ მივედით? მოიპარეს არჩევნები, გააყალბეს, მანიპულაცია იყო თუ რა ჩარევაც არ უნდა ყოფილიყო, შეცდომები ხომ იყო დაშვებული? იმის ნაცვლად რომ რეფლექსია ყოფილიყო, იმის ნაცვლად, რომ საზოგადოების მობილიზებაზე ყოფილიყო ორიენტაცია, ვუყურებთ სრულიად დამაზიანებელ ქმედებას. ხდება არასწორი დაპირებების შეთავაზება, არასწორი წარმოდგენების შექმნა საზოგადოებაში. ამიტომ, ჩვენი ამოცანაა დღეს შევქმნათ ალტერნატივა“, - განაცხადა გოტა ჭანტურიამ.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა