დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი პრეცედენტია, როდესაც ოკუპანტი ქვეყნის პროპაგანდისტი შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს მეფეს, აწმყოზეც ამ ნარატივით საუბრობს და ამის საპასუხოდ საქართველოს მოქალაქეების დევნა იწყება, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, თეონა აქუბარდიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ სამოქალაქო აქტივისტ თორნიკე რაზმაძის მიმართ გამოძიების დაწყებაზე საუბრისას განაცხადა.
აქუბარდიას თქმით, თორნიკე რაზმაძის მოსალოდნელი შესაძლო სასჯელი იმ ნარატივის გაგრძელებაა, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „გეორგიევსკის ტრაქტატის“ გამართლებით დაიწყო და შემდეგ რუსოფობიაზე კამპანიით გააგრძელა.
“ეს არ არის ირაკლი კობახიძის შეურაცხყოფაზე რეაქცია. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ეს არ არის შემთხვევითი პროცესი იმიტომ, რომ თუ გავიხსენებთ ირაკლი კობახიძის მხრიდან არა მარტო „გეორგიევსკის ტრაქტატის“ გამართლებასა და რუსეთის მხსნელად წარმოჩინებას, არამედ მის განცხადებებს რუსოფობიაზე და, მათ შორის, ბანერის ხელში დაკავების რუსოფობიურ ქმედებად შეფასებას, სადაც წერია, რომ “რუსეთი ოკუპანტია!” - ვფიქრობ, რომ სწორედ ეს არის ამ ნარატივის აღსრულება სამართლის დონეზე, სრულიად უკანონოდ.
თქვენ თუ გადახედავდით დღეს რუსულ მედიას, პირდაპირ არის ეს დაკავშირებული, მათ შორის, კახეთში მომხდარ ინციდენტთან, სადაც ეროვნებით რუსმა ქორწილში პროვოკაცია მოაწყო და ამბობენ, რომ როდესაც კობახიძემ რუსოფობიასთან დაკავშირებით განაცხადა, ახლა ასრულებსო.
ეს არის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი პრეცედენტი, როდესაც ოკუპანტი ქვეყნის პროპაგანდისტი [მარგარიტა სიმონიანი] შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს მეფეს, აწმყოზეც ამ ნარატივით საუბრობს ის და ამის საპასუხოდ საქართველოს მოქალაქეების დევნა იწყება.
როდესაც შენი ქვეყნის მტერი და მისი პროპაგანდისტი შეურაცხყოფს შენი ქვეყნის მეფეს - მე მახსენდება, რამხელა კამპანია ჰქონდათ ერეკლე მეფის ვითომ დასაცავად თავისი ზონდერ-ბრიგადებით. ჯერ იყო და ლევან ბერძენიშვილს მიუსიეს იქ ხალხი. შემდეგ რაღაც ჯგუფები გააკეთეს იმისთვის, რომ ვითომ დაეცვათ ჩვენი მეფეები. ახლა მაინტერესებს რა მოხდა, მარგარიტა სიმონიანის მხრიდან შეურაცხყოფა აღარ არის შეურაცხყოფა? და თუ მისი მხრიდან ქართველი მეფის შეურაცხყოფაზე რომელიმე ქართველს რეაქცია ექნება, ამაზე სასჯელი უნდა იყოს?
ვფიქრობ, რომ საზოგადოებრივი რეაქცია, რომელიც თორნიკეს დღევანდელ ვიდეოს მოჰყვა, იყო სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაზუსტების რეალური საბაბი და არაფერი არ შეუცვლია ბრალში იმიტომ, რომ განჩინებაში სხვა რამე ეწერა. მე ვფიქრობ, რომ ეს დიდი გეგმის მხოლოდ ნაწილია. ეს დიდი გეგმა გულისხმობს მტრის გათეთრებას, რასაც ჩვენ ვხედავთ ირაკლი კობახიძის მხრიდან, რომ თურმე „გეორგიევსკის ტრაქტატი“ და რუსეთი ყოფილა ხსნა, რაც ტყუილია. ასევე, რუსოფობიის აქცენტი და ახლა უკვე ამ საქმეზე დაკისრებული ჯარიმა აჩვენებს იმას, რომ ირაკლი კობახიძე იწყებს საკუთარი მოქალაქეების დასჯას, რომელიც სამართლიანად გამოთქვამს კრიტიკას, ბრაზსა და გულის წყრომას ოკუპანტის შეურაცხმყოფელ განცხადებებთან დაკავშირებით და ეს არის ზოგადად ის პოლიტიკა, რაც უნდათ, რომ საქართველოში დააკანონონ”, - განაცხადა აქუბარდიამ.
გარდა ამისა, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 134-ე შეხვედრაზეც ისაუბრა და ყურადღება ჩორჩანას საგუშაგოსა და ოკუპირებულ ცხინვალში მოახლოებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე გაამახვილა.
“ქართული ოცნების” პირობებში ჩვენ ვხედავთ საქართველოს ჩაბარებას არა მხოლოდ მისი ორი ოკუპირებული ნაწილის, არამედ მთლიანად საქართველოს ჩაბარებას ვხედავთ რუსეთზე. თუ ჩვენ აქამდე იმაზე უნდა გვემუშავა, რომ ცხინვალისა და აფხაზეთის შემოერთებაზე გვეზრუნა მშვიდობიანად, ახლა ვხედავთ, რომ ვუერთდებით ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთს რუსეთში.
რაც შეეხება ჩორჩანას საკითხს, სხვათა შორის, ამ ერგნეთის შეხვედრაზე ასევე ტერიტორიული პრეტენზიები იყო კვლავ თრუსოსთან დაკავშირებით იმ ფორმით, რასაც ჩვენ ბოლო წლებია, ვხედავთ ამ ერგნეთის შეხვედრებზე და, მათ შორის, ჟენევის შეხვედრებზეც, რომ თურმე იქ სალოცავსა და წინაპრების საფლავებზე უნდათ გადასვლა ოსებს და ასევე გამოძიებას ითხოვენ გაუჩინარებულ ოსებთან დაკავშირებით.
ჩვენ ვხედავთ, რომ ამ პრეტენზიების მადის საფუძველი “ქართულმა ოცნებამ” მისცა. გასაგებია, რომ ჩორჩანას საგუშაგოს აღებას ისინი 2019 წლიდან ითხოვენ, მაგრამ “ქართულმა ოცნებამ” თავად თქვა, რომ ქართული საგუშაგოს ჩადგმა იყო ღალატი და ამაში საკუთარი პრემიერი დაადანაშაულა. შეცვლილი ნარატივი და, მათ შორის, წულუკიანის საგამოძიებო კომისიის დასკვნა, საბოლოო ჯამში, არის იმ პროცესის დასაწყისი, რომ ისინი ჩორჩანას თმობენ, ოღონდ არა მხოლოდ საგუშაგოს, არამედ მთელ იმ ტყის მასივს. ეს საგუშაგო იქ იმისთვის ჩაიდგა, რომ მთელი ტყის მასივი დაეცვა დამატებითი ოკუპაციისგან, რომელიც არასდროს არ ყოფილა ოკუპირებული ცხინვალის ადმინისტრაციული ერთეულის ნაწილი.
18 სექტემბერს ოკუპირებულ ცხინვალში იმართება ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც პირველად რუსი მაღალჩინოსანი მიიღებს მონაწილეობას. ამის შემდეგ ოკუპირებული ცხინვალი გახდება რუსეთის ფედერაციული ოლქის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. 18 სექტემბრიდან კიდევ რა პროცესი დაიწყება, არავინ იცის. გადაყენებამდე გენერალ-მაიორი მდინარაძე თავის ანგარიშში წერდა, რომ ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის კურატორ კირიენკოს მხრიდან მომზადებულია ანექსიისთვის საჭირო ვითარება. ირაკლი კობახიძე, ნაცვლად იმისა, რომ ამაზე ლაპარაკობდეს და ქვეყანას აძლიერებდეს, რუსეთის სასარგებლოდ ქმედებებს ახორციელებს”, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.