თორნიკე რაზმაძე ცდილობს, მართლმსაჯულებას გაექცეს და აბსოლუტურ ტყუილს ავრცელებს - ეს ადამიანი, უბრალოდ, ცრუპენტელობას ვერ მოეშვა, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რითაც სამოქალაქო აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, თორნიკე რაზმაძემ საჯაროდ მიაყენა შეურაცხყოფა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის, რაც ქართული კანონმდებლობის მიხედვით, დასჯადია.
„არის გავრცელებული ინფორმაცია, არის მისი "პოსტი". ამ "პოსტში" არის მის მიერ გამოხატული ლანძღვა-გინება, საჯარო შეურაცხყოფა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიმართ. ეს არის ქართული კანონმდებლობის მიხედვით დასჯადი, გაცილებით უფრო რბილად და მსუბუქად, ვიდრე ეს არის მაგალითად, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, თუ საფრანგეთში. ახლა, როდესაც მართლმსაჯულებამ თორნიკე რაზმაძეს მიაკითხა, იგი ცდილობს, რომ გაექცეს მართლმსაჯულებას, პასუხისმგებლობას და ავრცელებს აბსოლუტურ ტყუილს. ასეთი ტყუილები სულ რამდენიმე წუთში მხილებული არის ხოლმე. ეს ადამიანი უბრალოდ, ცრუპენტელობას ვერ მოეშვა," - განაცხადა გორდულაძემ.
ცნობისთვის, სამოქალაქო აქტივისტმა, თორნიკე რაზმაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მას „რუსი პროპაგანდისტების“ მისამართით შეურაცხყოფას ედავება. კერძოდ, თორნიკე რაზმაძის ინფორმაციით, შსს-ში შექმნილმა სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ, მარგარიტა სიმონიანისა და ვლადიმერ სალავიოვის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე, მის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
მოგვიანებით კი შსს-ს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ განმარტა, რომ სამოქალაქო აქტივისტ თორნიკე რაზმაძეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შეურაცხყოფას ედავებიან.