შალვა პაპუაშვილი - თორნიკე რაზმაძეს სურს, თავი წარმოაჩინოს ტანჯულ გმირად, რომელიც რუსეთს ხან ცრემლებით ებრძვის, ხან გინებით და მას მთელი სახელმწიფო დასდევს - ემოციური დაზიანებების პრობლემები აქვს და სჯობს ამას მიხედოს, მისგან გმირი არ გამოვა

თორნიკე რაზმაძეს სურს, თავი წარმოაჩინოს ტანჯულ გმირად, რომელიც რუსეთს ხან ცრემლებით ებრძვის, ხან გინებით და მას მთელი სახელმწიფო დასდევს, რომ ამ ქმედებისთვის დასაჯოს - მისგან გმირი რომ არ გამოვა, მე მგონი, ყველა ვხედავთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც სამოქალაქო აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, „ექსტრემისტები“ იმდენ ქართველს აგინებენ, რომ არ ჰგონია, საქართველოს სახელმწიფოს იმის დრო და სურვილი ჰქონდეს, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეების მიმართ დამოკიდებულებას ყურადღებას აქცევდეს.

პაპუაშვილი ამბობს, რომ თორნიკე რაზმაძეს ემოციურად დაზიანებული პიროვნებაა და სჯობს, ამას მიხედოს.

„ეს ექსტრემისტები იმდენ ქართველს აგინებენ, რომ არ მგონია, საქართველოს სახელმწიფოს ჰქონდეს იმის დრო და სურვილი, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეების მიმართ დამოკიდებულებას ყურადღებას აქცევდეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ პასუხი გასცა. რა თქმა უნდა, აბსურდია. მე მგონი, ყველა ვხედავთ, რომ ეს ადამიანი არის ემოციურად დაზიანებული პიროვნება, რომელსაც აქვს ემოციური კრიზისები ხანდახან. ვხედავთ, რომ აქვს პანიკური შეტევები, ცრემლები ღია ეთერში და ა.შ. ჩვენ ვუყურებთ მის ისტერიულ გამოვლინებებს, თითქოს, მას სჯიან იმისთვის, რომ რუს პროპაგანდისტს მიაყენა შეურაცხყოფდა და არიქა, ახლა წამებული გმირია. ეს არის მისი ფსიქოთერაპიის სეანსი, რასაც მე ვაკვირდები. ჩემი დაკვირვებაა, რომ ამ ადამიანს აქვს თავისი ემოციური პრობლემები და ეს მისი გამოვლინებები არის ფსიქოთერაპია. სურს, თავი წამოაჩინოს ტანჯულ გმირად, რომელიც რუსეთს ხან ცრემლებით ებრძვის, ხან გინებით და მას მთელი სახელმწიფო დასდევს, რომ ამ ქმედებისთვის დასაჯოს. აბსურდია, რასაც საუბრობს. ამ ადამიანის ფსიქოლოგიური სეანსის მონაწილეები ნუ გავხდებით. მას აქვს ემოციური დაზიანებების პრობლემები და სჯობს, ამას მიხედოს. მისგან გმირი რომ არ გამოვა, მე მგონი, ყველა ვხედავთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, სამოქალაქო აქტივისტმა, თორნიკე რაზმაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მას „რუსი პროპაგანდისტების“ მისამართით შეურაცხყოფას ედავება. კერძოდ, თორნიკე რაზმაძის ინფორმაციით, შსს-ში შექმნილმა სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ, მარგარიტა სიმონიანისა და ვლადიმერ სალავიოვის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე, მის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

მოგვიანებით კი შსს-ს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ განმარტა, რომ სამოქალაქო აქტივისტ თორნიკე რაზმაძეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შეურაცხყოფას ედავებიან.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა