ევროკავშირის ბიუროკრატია ყველაფერს ასცდა. ჩვეულებრივად, საბჭოთა კავშირს დაემსგავსა - ამ საბჭოთა კავშირის ნომენკლატურამ უნდა დაგვიწესოს ჩვენ, როგორ ვიცხოვროთ და როგორ ვისუნთქოთ, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებას, რომ „ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა დონალდ ტრამპის MAGA-ს მოძრაობასთან კავშირები უნდა გაწყვიტონ, რათა ორგანიზაციის წევრობა შეძლონ“.
მისივე თქმით, ევროკავშირის ბიუროკრატია ქვეყნებს ეუბნება, ვისთან უნდა ითანამშრომლონ და ვისთან - არა.
“ეს ზუსტად იმის დემონსტრირებაა, რასაც ბოლო წლებში ვამბობდით, რომ ევროკავშირის ბიუროკრატია ყველაფერს ასცდა. ჩვეულებრივად, საბჭოთა კავშირს დაემსგავსა - თავიანთი დამოკიდებულებით, ხისტი პოლიტიკით, ხელების გადაგრეხით. ე.ი. თვითონ კარნახობენ, ვისთან უნდა ისაუბრო, ვისთან უნდა გქონდეს ბიზნესაქტიურობები - ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ჩრდილოეთთან, სამხრეთთან არ უნდა ითანამშრომლო. მარტო იმათთან უნდა ითანამშრომლო, ვინც აქ რევოლუციას გვიწყობს. წარმოიდგინეთ, კუბილიუსები, ანა ფოტიგები, რაისა “კომუნისტკები” და მარტა კოსები - ეს საბჭოთა კავშირის ნომენკლატურა არის დღეს ევროკავშირის ხელმძღვანელობაში და ამ საბჭოთა კავშირის ნომენკლატურამ უნდა დაგვიწესოს ჩვენ, როგორ ვიცხოვროთ და როგორ ვისუნთქოთ. ამაზრზენია, მიუღებელია,” - განაცხადა ზარქუამ.
ცნობისთვის, გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა, რომ კანდიდატმა ქვეყნებმა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის დონალდ ტრამპის მოძრაობა MAGA-სთან კავშირები უნდა გაწყვიტონ.
„არ უნდა გავრისკოთ ის, რომ ჩვენმა მომავალმა წევრებმა სხვებზე ისეთი დამოკიდებულებები შეიქმნან, რომელიც ჩვენს გრძელვადიან ინტერესებთან წინააღმდეგობაში იქნება“, - განაცხადა კოსმა „ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე.