იემენელი „ჰუსიტები“ ბაბ-ელ-მანდების სრუტეში მდებარე სტრატეგიულ კუნძულს მიუახლოვდნენ, - ინფორმაციას Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, იემენის საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობის სამხედრო ძალებმა ბაბ-ელ-მანდების სრუტეში მდებარე სტრატეგიული მნიშვნელობის კუნძული პერიმი დატოვეს.
ასევე, წყაროების ცნობით, „ჰუსიტებმა“ წითელი ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქი, დუბაბი დაიკავეს.
როგორც Reuters-ი წერს, თუ „ჰუსიტები“ ბაბ-ელ-მანდების სრუტეზე სრულად კონტროლის მოპოვებას შეძლებენ, ეს მათ მხარდამჭერ ირანს აშშ-ის წინააღმდეგ ომში მნიშვნელოვან სტრატეგიულ ბერკეტს მისცემს.
„ჰუსიტებსა“ და იემენის სამთავრობო ძალებს შორის ბრძოლა მიმდინარე თვის დასაწყისში გამწვავდა, როდესაც „ჰუსიტებმა“ წითელი ზღვის სანაპირო ზოლზე კონტროლის მოპოვების მიზნით შეტევითი ოპერაცია წამოიწყეს.
საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს საუდის არაბეთსა და „ჰუსიტებს“ შორისაც. იემენელმა „ჰუსიტებმა“ რამდენიმე დღის საუდის არაბეთის ქალაქებს დაარტყეს, სადაც 73 ადამიანი დაშავდა.
გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა, მოჰამედ ბინ სალმანმა ხუთშაბათს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ორჯერ დაურეკა და „ჰუსიტების“ წინააღმდეგ დარტყმების განხორციელება სთხოვა. გამოცემის წყაროების ცნობით, დონალდ ტრამპმა თხოვნაზე უარი განაცხადა, რადგან აშშ-ის ადმინისტრაციას „ჰუსიტების“ წინააღმდეგ პირდაპირ საბრძოლო მოქმედებებში ჩართვა არ სურს.