კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის ირაკლი ლექვინაძის ინფორმაციით, არის შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა სილამაზის და ესთეტიკური მომსახურების ცენტრები მოქალაქეებს უფასო მომსახურებას სთავაზობს, თუმცა ერთი შეხედვით უფასო მომსახურება საკმაოდ ძვირადღირებული მომსახურება ხდება.
სამედიცინო, ესთეტიკური და სილამაზის მომსახურების დაწესებულებების აგრესიულ კომერციულ საქმიანობაზე ლექვინაძემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ისაუბრა, სადაც 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
„არის შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა სილამაზის და ესთეტიკური მომსახურების ცენტრები მესიჯით უფასო მომსახურებას სთავაზობენ. შემდგომ როდესაც იქ ადამიანი მიდიოდა, რაღაც პროცედურას უფასოდ უტარებდნენ, თუმცა შემდგომ პროცედურებზე საკმაოდ მაღალი თანხის მოთხოვნა ხდებოდა. იქვე იყო განვადების სერვისი. იყო შემთხვევები, როდესაც ერთი შეხედვით უფასო მომსახურება საკმაოდ ძვირადღირებული მომსახურება ხდებოდა. სტანდარტი დადგენილია და ყველას ევლდებულება, რომ მსგავსი ტიპის აგრესიული პრაქტიკა არ გამოიყენოს“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ონლაინ ვაჭრობისას მომხმარებელთა უფლებების დარღვევაზეც ისაუბრა. მისივე თქმით, მოვაჭრე ვალდებულია საქონლის მარაგების შესახებ ინფორმაციის დროული, მკაფიო და არაორაზროვანი განახლება უზრუნველყოს.
„ონლაინ ვაჭრობასთან ყველას გვაქვს შეხება. თუ მომხმარებელი პროდუქტს ონლაინ იყიდის, კომპანიას არა აქვს უფლება მას შემდგომ უთხრას, რომ პროდუქტი მარაგში არა აქვს და ვერ მიაწვდის. ასეთი შემთხვევები იყო. მომხმარებელთა მომართვის საფუძველზე დადგინდა, რომ ნებისმიერი კომპანია ვალდებულია, რომ თუკი ის პროდუქტს ონლაინ ყიდის, მას მარაგში შესაბამისი რაოდენობის პროდუქცია ჰქონდეს“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ კომიტეტის სხდომაზე.