არცერთ ეპიზოდთან მიმართებაში თავს დამნაშავედ არ გრძნობს, იგივე პოზიცია გაჟღერდა მისი მხრიდან ჩვენების დაფიქსირების დროსაც, - ამის შესახებ სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატმა, ლანა ცერცვაძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც გრიგოლ ლილუაშვილი იკითხებოდა.
ადვოკატის თქმით, გრიგოლ ლილუაშვილის ჩვენებამ სრულად გააბათილა იმ ბრალის ფორმულირება, რაზეც ბრალდების მხარე აქცენტს აკეთებს. ცერცვაძის განცხადებით, დღეს ასევე დაიკითხა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოწმე, რომლის ჩვენებამაც რომეო მიქაუტაძის გრიგოლ ლილუაშვილთან შეხვედრა გამორიცხა.
„დაცვის მხარემ დაასრულა თავისი მტკიცებულებების გამოკვლევა და დღეს ჩვენ დავკითხეთ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მოწმე, რომელიც არის ბატონ გრიგოლ ლილუაშვილის თანაშემწე და რომელსაც რომეო მიქაუტაძე ასახელებდა, რომ ეს არის ადამიანი, რომელმაც უშუალოდ დაინახა, რომ მისაღებში ელოდებოდა ბატონ გრიგოლ ლილუაშვილს.
აღნიშნულმა პირმა სრული სიზუსტით, თანმიმდევრულად, ზედმიწევნით გადმოსცა სასამართლოს ინფორმაცია, რომ მსგავს ფაქტს საერთოდ არ ჰქონია ადგილი. მეტიც, მან თავისი კალენდარიც კი წარმოადგინა სასამართლოს წინაშე, თუ რომელ დღეს იყო მორიგე, კონკრეტულ დღეს რომ იყო ნამდვილად მორიგე და დასახელებული პირი ნამდვილად რომ არ არის ნამყოფი გრიგოლ ლილუაშვილთან და სტუმრად არ მისულა, მითუმეტეს ჩემოდნითა და მსგავსი ნივთებით.
ბატონი რომეო საუბრობს, რომ სწორედ აღნიშნული პირის გავლით შევიდა ის ბატონ გრიგოლ ლილუაშვილთან, შესაბამისად, თვითონ რომეო მიქაუტაძის ჩვენებას თუ დავეყრდნობით, რომელიც ამომავალი წერტილია და ერთ-ერთი ძირითადი ღერძი ბრალდების მხარისთვის ბრალდების სამტკიცებლად, სწორედ აღნიშნულ პირზე საუბრობს და მის თანამშრომელზე. ორ ეპიზოდზე აქვს ბრალდებას აქცენტი გაკეთებული, ორივე შემთხვევაში კონკრეტულმა პირმა ცალსახად და ხაზგასმით დაადასტურა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მსგავსი პირი - რომეო მიქაუტაძე, რომელსაც იცოდა თუ რა თანამდებობა ეკავა და ვინ იყო ან იცნობდა იმ მომენტისთვის და იცოდა ამ პიროვნების ზოგადად არსებობის შესახებ, დანამდვილებით თქვა, რომ არც აღნიშნულ დღეებში რომეო მიქაუტაძე ვიზიტზე არ ყოფილა მისული და მეტიც, მთელი იქ მუშაობის სრული პერიოდის მანძილზე მუშაობდა დასახელებული პირის თანაშემწედ მთელი ამ 6-წლიანი პერიოდის მანძილზე, არც ერთხელ არ ყოფილა შემთხვევა, რომ რომეო მიქაუტაძე მოსულიყო სტუმრად გრიგოლ ლილუაშვილთან, შესულიყო მის კაბინეტში და შეეტანა მასთან რაიმე ხელბარგი, საგნები და ნივთები.
რაც შეეხება გრიგოლ ლილუაშვილს, ის არცერთ ეპიზოდთან მიმართებაში თავს დამნაშავედ არ გრძნობს, იგივე პოზიცია გაჟღერდა მისი მხრიდან ჩვენების დაფიქსირების დროსაც. მან ძალიან დეტალურად ისაუბრა ყველა იმ ეპიზოდთან მიმართებაში, რაც წარდგენილი აქვს ბრალად და სრულად გამორიცხა თავისი ჩვენებით იმ ბრალის ფორმულირება, რაზეც ბრალდების მხარე აბსტრაქტულად გვესაუბრება და ჭორებზე დაყრდნობით.
იგივე რომეო მიქაუტაძესთან მიმართებაში მან ძალიან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი ხასიათის შეხვედრები, თემატიკა ზოგადად მის ფუნქცია-მოვალეობებში ისედაც არ შედიოდა მით უფრო რომეო მიქაუტაძესთან არანაირი საკითხები მას გასავლელი არასდროს არ ჰქონია. რომეო მიქაუტაძეზე ზოგადად რა განცხადებებიც ჰქონდა მოსმენილი არამარტო გრიგოლ ლილუაშვილს, ზოგადად, ყველას, ეს ინფორმაცია ბუნებრივია ცნობილი იყო ბატონ გრიგოლ ლილუაშვილისთვისაც და შესაბამისი სამსახურებიც აწარმოებდნენ შესაბამის მოკვლევებს მასთან დაკავშირებით, თუნდაც ქონებებთან დაკავშირებით, რომელსაც ვერ ასაბუთებს.
რომეო მიქაუტაძე ნამდვილად არ იყო ის პირი, რომელსაც რაიმე ახლო ან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა ბატონ გრიგოლ ლილუაშვილთან, მით უფრო იმის ფონზე, როდესაც ისედაც საჯარო სივრცეებშიც გავრცელებული იყო არაერთი საეჭვო ინფორმაცია.
რომეო მიქაუტაძე საერთოდაც თვითონ ასახელებს, რომ საერთოდ არ ჰქონდა გრიგოლ ლილუაშვილთან კარგი ურთიერთობა”, - განაცხადა ადვოკატმა.
კითხვაზე, თუ გრიგოლ ლილუაშვილი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, მაშინ რას უკავშირებს მის დაკავებას და ხომ არ თვლის, რომ ის პოლიტიკური მოტივით არის დაკავებული, ადვოკატმა აღნიშნა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ყოფილი მაღალჩინოსნის მხრიდან პოლიტიკური შეფასებები არ გაკეთებულა და ის სასამართლოს სამართლიან გადაწყვეტილებას ელოდება.
„ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი ამ დრომდე სამართლებრივ ასპექტში საუბრობს. დღესაც მისი ჩვენება მხოლოდ სამართლებრივ ასპექტებზე იყო დაყრდნობილი, არანაირი სახის პოლიტიკური შეფასებები, როგორც ასეთი, არ გაკეთებულა მისი ჩვენების დროს, სხვა დანარჩენი პოლიტიკური შეფასება ჩვენი, როგორც იურისტების მიმართულებაც არ არის.
მე ვერც ვადასტურებ და ვერ უარვყოფ მის დაკავებასთან დაკავშირებით პოლიტიკურ ასპექტებს. მე, როგორც იურისტი, ცალსახად ვხელმძღვანელობ მხოლოდ სამართლებრივი დოკუმენტაციით. თვითონაც ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი როგორც კანონმორჩილი მოქალაქე, ელოდება სასამართლოს სამართლიან გადაწყვეტილებას და მხოლოდ სამართლებრივ ასპექტებთან დაკავშირებით აკეთებს აქცენტებს”, - აღნიშნა მან.
ლანა ცერცვაძემ ყოფილი პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით დასმულ კითხვასაც უპასუხა, რომლის სახელმაც სხდომაზე გაიჟღერა. ადვოკატის თქმით, ღარიბაშვილზე კითხვები არ დასმულა, მხოლოდ ზოგად კონტექსტში ახსენეს და ყოფილი პრემიერ-მინისტრის საქმე არანაირად არ უკავშირდება გრიგოლ ლილუაშვილის საქმის ეპიზოდებს, სადაც სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.
„ბატონ ირაკლი ღარიბაშვილთან მიმართებაში არანაირი სახის ინფორმაცია არ მიუწოდებია გრიგოლ ლილუაშვილს, ერთადერთი, პროკურორს ჰქონდა რაღაც პროცედურებთან დაკავშირებით ზოგადი კითხვა პროცედურებთან დაკავშირებით. ღარიბაშვილთან დაკავშირებით დაცვის მხარეს რამე სახის დაინტერესება არ გამოუთქვამს იმიტომ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ჩვენს სისხლის სამართლის საქმეს არანაირი თვალსაზრისით არ უკავშირდება.
რაც შეეხება საბავშვო ბაღების ეპიზოდს, ამ ეპიზოდთან მიმართებაში ჩვენ არანაირი სახის პირდაპირი მტკიცებულება არ მოგვისმენია, რაც ბრალდების მხარემ წარმოადგინა, რაც შეეხება “ქოლ-ცენტრებს”, ამასთან დაკავშირებითაც ცალსახად განმარტა გრიგოლ ლილუაშვილმა, რომ არანაირი სახის მფარველობა არავისთვის არ გაუწევია, არცერთ „ქოლ-ცენტრებთან” მიმართებაში, მით უფრო რომ მისი უწყებრივი ქვემდებარეობა ისედაც არ იყო „ქოლ-ცენტრების” გამოძიება, ამას ისედაც სხვა საგამოძიებო უწყებები იძიებდა”, - განაცხადა ლილუაშვილის ადვოკატმა.