არასრულწლოვანის მკვლელობისთვის ბრალდებულის ადვოკატი - გულწრფელად ნანობს - თავის დროზე, ინგლისში იყო სასწავლებლად წასული, ამჟამად მე-12 კლასშია და ბებიასთან იზრდებოდა

თავის დროზე, ინგლისში იყო სასწავლებლად წასული, ამჟამად მე-12 კლასში იმყოფება. დედა საზღვარგარეთაა, ბებიასთან იზრდებოდა, - ამის შესახებ ხუდადოვზე 17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანის ადვოკატმა, გიორგი ძიძიგურმა განაცხადა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მომხდარს ნანობს.

„საქმის ინტერესებიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე, რომ ბრალდებული მის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას აღიარებს, აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას დავეთანხმეთ. ინანიებს, ნანობს მომხდარს, ძალიან განიცდის და შოკირებულ მდგომარეობაშია. ის ნამდვილად გულწრფელად ნანობს მის მიერ ჩადენილ ქმედებას. რაც შეეხება მომხდარს, აღნიშნულზე ბრალდებული ჩვენთან არ საუბრობს. მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ დაზარალებულს ყელი ჰქონდა გამოჭრილი, რამდენიმე საათის განმავლობაში ეგდო და არავინ ეხმარებოდა, ცრუ ინფორმაციაა, ვინაიდან აღნიშნული ქმედება წამებში მოხდა, მალევე მივიდა პოლიციაც, დარეკილი იყო 112-ში და სასწრაფო დახმარებაც მალე მივიდა, თუმცა, შედეგი დადგა.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გირაოს ქვეშ იმყოფება, რამდენადაც ვიცი, ქურდობასთან დაკავშირებით, თუმცა, აღნიშნულ საქმეში მე ადვოკატი არ ვყოფილვარ.

ბრალდებული ჩვენთან კომუნიკაციაში ფაქტობრივად არ შემოდის. თავის დროზე, ინგლისში იყო სასწავლებლად წასული, ამჟამად მე-12 კლასში იმყოფება, თუმცა, ინგლისში სწავლა რატომ არ გააგრძელა ვერ გეტყვით, ჩამოვიდა და ბებიასთან იზრდებოდა. დედა საზღვარგარეთაა, ბებიასთან იზრდებოდა, ბებია მაქსიმალურად ცდილობდა, რომ თავისი შვილიშვილი ეკონტროლებინა და სწორ გზაზე დამდგარიყო, ბებიას რაც შეეძლო, მაქსიმალურად კარგს უკეთებდა“, - განაცხადა ძიძიგურმა.

თბილისში ხუდადოვის ქუჩაზე დამამძიმებელ გარემოებებში 17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობისთვის დაკავებულ არასრულწლოვანს, დ.პ.-ს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, დაკავებულ არასრულწლოვანს დ.პ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ხულიგნური ქვენა გრძნობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ