საქართველოს სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის ოფიციალური ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გრძელდება.
ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ლევან იოსელიანი სახალხო დამცველის მოადგილეებთან - თამარ გვარამაძესა და ელენე ღუდუშაურთან ერთად, ნიუ-იორკის შტატის სასჯელაღსრულებისა და საზოგადოებრივი ზედამხედველობის დეპარტამენტს (Department of Corrections and Community Supervision – DOCCS) ეწვია.
სახალხო დამცველი გაეცნო დეპარტამენტის საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და მუშაობის პრინციპებს, დაათვალიერა ინფრასტრუქტურა, შეხვდა დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და ბენეფიციარებს.
ნიუ-იორკის შტატის სასჯელაღსრულებისა და საზოგადოებრივი ზედამხედველობის დეპარტამენტი პასუხისმგებელია შტატის პენიტენციური დაწესებულებების მართვაზე, პატიმართა ზედამხედველობაზე, პირობით გათავისუფლებულ პირთა კონტროლზე, ასევე რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამების განხორციელებასა და გათავისუფლების შემდეგ პირთა საზოგადოებაში დაბრუნების პროცესის ზედამხედველობაზე.
შეხვედრისას ლევან იოსელიანმა აღნიშნა, რომ საქართველოში მსგავსი ფუნქციების მქონე ცალკე უწყება არ არსებობს, თუმცა რეაბილიტაციის, რესოციალიზაციისა და გათავისუფლებისთვის მომზადების მიმართულებით შესაბამისი პროგრამები საქართველოს პენიტენციურ სისტემაში ხორციელდება.
სახალხო დამცველმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პატიმართა უფლებების დაცვისა და გაუმჯობესების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ აღნიშნული საკითხი სახალხო დამცველის საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოცდილების გაცნობა და იმ საუკეთესო პრაქტიკის შესწავლა, რომელიც შეიძლება საქართველოს პენიტენციურ სისტემაში ადამიანის უფლებების დაცვისა და პატიმართა რეაბილიტაციის მიმართულებით იყოს გამოყენებული. მსგავსი ვიზიტები შესაძლებლობას გვაძლევს, ადგილზე გავეცნოთ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას და შევაფასოთ მისი საქართველოში დანერგვის პერსპექტივები“, - აღნიშნა ლევან იოსელიანმა.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აქტიურად მუშაობს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში საერთაშორისო გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესწავლასა და საქართველოში შესაბამისი მექანიზმების გაძლიერების მიმართულებით.
„პატიმართა უფლებების დაცვასა და პენიტენციურ სისტემაში არსებულ გამოწვევებს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სახალხო დამცველის ყოველწლიურ და სპეციალურ ანგარიშებში. აღნიშნული მიმართულებით სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს მონიტორინგს, შესაბამისი რეკომენდაციების გაცემასა და უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მუშაობას“, - ნათქვამია განცხადებაში.