გიორგი ბარამიძეს განმარტება მიცემული აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ არც ჩაბარებისთვის მზად მყოფი და არც ტყვედ აყვანილი პირების მიმართ არაკონვენციურ მიდგომას ადგილი არ ჰქონია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ბრალდებულ გიორგი ბარამიძის ადვოკატმა ბექა ბასილიამ სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, გიორგი ბარამიძისთვის წარდგენილ ბრალდებას სამართლებრივი საფუძვლები არ აქვს.
„წარდგენილი ბრალდება სრულიად ცდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მოთხოვნებს. საბოტაჟისთვის მნიშვნელოვანია ორი კომპონენტი, ერთი - აქტიური მოქმედება და მეორე - ამ მოქმედების წინასწარ განსაზღვრული მიზანი საქართველოს დასუსტებისა, აქტიური მოქმედება კი მიმართული უნდა იყოს სახელმწიფო ორგანოების, თუ სხვა დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირების ხელშეშლისკენ. შეუძლებელია, გია ბარამიძის შემთხვევაში, ან რომელიმე პოდკასტში გაკეთებული განცხადება, რა შინაარსის მატარებელიც არ უნდა იყოს ის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის - საბოტაჟის შემადგენლობას იძლეოდეს. შესაბამისად, თუ არ არსებობს საბოტაჟი, არ არსებობს 307-ე მუხლიც, სადაც ჩამონათვალია, რა შეიძლება იყოს სახელმწიფო ღალატად მიჩნეული.
ახლა რაც შეეხება გია ბარამიძის მიერ გადაცემაში ნათქვამს, რასაც დიდი საზოგადოებრივი ვნებათაღელვა მოჰყვა, რასაც გარკვეული საფუძვლები ბუნებრივია, ჰქონდა - გია ბარამიძემ შემდეგში გააკეთა ვრცელი განმარტება და ეს არ ყოფილა ორი კვირის თავზე, მან დეტალურად ისაუბრა და განაცხადა, იაგო ხვიჩიას გადაცემაში მას არ დაუფიქსირებია, რომ ვინმე ტყვეს, ან ჩაბარებისთვის მზად მყოფ პირს ექცეოდა ქართული მხარე კონვენციის შეუსაბამოდ. მან თქვა, რომ საბრძოლო ამოცანა არ ყოფილა, რომ აუცილებლად ტყვე უნდა ჩაეგდოთ ხელში, ეს მხოლოდ საქართველოს რეალობაში არა, ნებისმიერ ომში ხდება, თუნდაც, რუსეთ-უკრაინის ომი ავიღოთ. ასეთი ამოცანა პირველი რიგის, რომ ტყვე უნდა ავიყვანოთ, არ არსებობს. ამოცანა არის გამარჯვება. გამარჯვების გზების მიღწევის პროცესში, ტყვე იქნება თუ არა აყვანილი, შეიქმნება თუ არა ის ვითარება, ერთ-ერთ მებრძოლ მხარეს ტყვე ჩაუვარდეს ხელში, ეს სხვა საკითხია. მკაფიოდ ვამბობთ, გია ბარამიძეს განმარტება მიცემული აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ არც ჩაბარებისთვის მზად მყოფი და არც ტყვედ აყვანილი პირების მიმართ არაკონვენციურ მიდგომას ადგილი არ ჰქონია“, - განაცხადა ბასილაიამ.
კითხვაზე, რას იტყოდა გადაცემაში ნათქვამ ფრაზებზე - „ტყვეები არ აგვყავდა, რადგან პირდაპირ ვხვრეტდით“, ბასილაია ასე პასუხობს:
„სულ სხვა სიტყვებია, მაგრამ ის სიტყვებიც საჭიროებდა განმარტებას. მან მეორე დღესვე გააკეთა განმარტება. დახვრეტა ყველას ძალიან ცუდად მოხვდა, არავინ ამბობს, რომ ის, რაც იაგო ხვიჩიას გადაცემაში ითქვა, ადვილი მოსასმენი, ადვილი აღსაქმელი და მისაღები იყო, მაგრამ ამას მოჰყვა მკაფიო განმარტება. ამასთან ერთად, ხაზგასმით ვამბობ, ის ინტერპრეტაციაც კი, ბრალდების პოზიცია როგორიც არის, 318-ე მუხლი არ არსებობს, რადგან 318-ე მუხლისთვის უნდა იყოს მკაფიო მტკიცებულება, დადასტურებული, რომ განზრახ მოქმედებს ადამიანი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ და რომ ქმედება საქართველოს დასუსტების მიზნით არის და რომ ამ აქტიურ ქმედებას სახელმწიფოთა ორგანოს ან სხვადასხვა დაწესებულების ფუნქციონირებისთვის ხელშეშლა მოჰყვა. მოცემულ საქმეში არც ერთი ეს კომპონენტი არ არსებობს“, - განაცხადა ბასილაიამ.
ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს. საქმე ეხება აფხაზეთის ომზე ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას. კერძოდ კი, რომ "1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის საწყის ეტაპზე, ქართული შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს ტყვეები არ აჰყავდათ და მათ ადგილზე ხვრეტდნენ".
პროკურატურის ინფორმაციით, მისმა განცხადებამ ზიანი მიაყენა საქართველოს თავდაცვის ძალების რეპუტაციას, შეილახა აფხაზეთის ომის მონაწილე ვეტერანებისა და დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების პატივი და ღირსება. ამავდროულად, გიორგი ბარამიძის ქმედებამ, საფრთხე შეუქმნა კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესს, დააზიანა საქართველოს სამშვიდობო და დეოკუპაციის პოლიტიკა და ხელი შეუშალა სახელმწიფო უწყებების ნორმალურ ფუნქციონირებას, მათ შორის საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის განხორციელებას და მის მიერ ნდობის აღდგენისა და თანამშრომლობის მიმართულებით შექმნილი მექანიზმების ეფექტიან ფუნქციონირებას.
აღნიშნული ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.