კრწანისის ტყე-პარკში ე.წ. არაბული ქალაქების მშენებლობის შეწყვეტის მოთხოვნით აქცია გაიმართა.
ადგილზე შეიკრიბნენ მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.
მათი განცხადებით, ითხოვენ, გაუქმდეს ხელშეკრულება, რომელიც Eagle Hills-თან არის დადებული და ე.წ. კრწანისის ტყე-პარკში ქალაქის მშენებლობას ითვალისწინებს.
მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კრწანისის ტყე-პარკი არის თბილისის ფილტვები და აქ მშენებლობა ყველას მხრიდან მიუღებელია, ვინც არ უნდა იყოს ეს - ქართველი, არაბი თუ რუსი.
„ეს არის თბილისის ფილტვები და თუ აქ აშენდა ის კორპუსები, რომელსაც ვხედავთ მთელ ქალაქში და ამ გზაზე, როცა მოვდივართ, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ფილტვები დაიხურება, რაც ქალაქისთვის არის ძალიან დიდი ზიანი. ვხედავთ, რომ მთელ ქვეყანაში არავინ არავითარ მნიშვნელობას არ ანიჭებს იმას, თუ როგორ უნდა შევინარჩუნოთ ბუნება. ეს არის ჩვენი შვილების მომავალი. ერთი არის ის, რომ ჩვენ დემოკრატიული და ევროპული მომავალი უნდა შევუნარჩუნოთ და მეორე - უნდა შევუნარჩუნოთ ჯანმრთელი მომავალი. ეს აქ იწყება. ეს პირველი საკითხია და მეორეა, რა ხდება, არ არის გამჭვირვალე პასუხები იმაზე, თუ ვინ, რას და როგორ აშენებენ. გაგვიხსნეს რაღაც ოფისები რუსთაველზე, მაგრამ არავინ იცის, რა კონტრაქტით, რა ფულით, რეალურად, ვინ არის ინვესტორი, აქ ვინ აკეთებს ფულს და ვინ და ვინ იქნებიან აქ მცხოვრებლები. ეს ყველაფერი სრულიად გაურკვეველია. ისედაც მიუღებელია, ვინც არ უნდა იყოს, ქართველი, არაბი რუსი, აქ არ უნდა აშენდეს არაფერი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.