გიორგი ბარამიძემ სცადა და რამდენჯერმე შეცვალა მისი განცხადების ინტერპრეტაცია მას შემდეგ, რაც იგრძნო ის მოსალოდნელი პასუხისმგებლობა, რომელიც წაკითხულის გააზრებიდან გამომდინარეობს, როდესაც მიუთითებს, რომ პირადად მიდიოდა ფრონტის ხაზზე იმისთვის, რომ ტყვეები აეყვანათ,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერისა და საბოტაჟის ბრალდებით დაკავებული, გიორგი ბარამიძის საქმის პროკურორმა თამარ იაკობიძემ განაცხადა.
მისი თქმით, სისხლის სამართლის საქმეში ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული თითოეული გარემოება დასტურდება სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებებით.
„წარდგენილი ბრალდება ითვალისწინებს სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის, ნორმალური საქმიანობისთვის, ნორმალური ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლას. მოცემულ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეში წარდგენილი არის მტკიცებულებები როგორიც არის სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლების გამოკითხვის ოქმები და აღნიშნული გამოკითხვის ოქმებში დეტალურად არის მითითებული გარემოებები, რომლებიც ასახულია ბრალდების შესახებ დადგენილებაში. დაცვის მხარეს არ ვიცი, რატომ არ ჰქონდა ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია, ვინაიდან დაგვიდასტურეს, რომ ყველა მტკიცებულება გადაცემულია. შესაძლებელია სრულყოფილად არ გაეცნენ საქმეს, რაც ამ შემთხვევაში ბრალდების მხარის პრობლემა ნამდვილად არ არის. მათ შორის, სახელმწიფო უწყების წარმომადგენლების, გიდასტურებთ საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის აპარატის უფლებამოსილი წარმომადგენლების გამოკითხვას.
სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილია მტკიცებულებები და აღნიშნული მოწმეები უნდა დაიკითხონ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე. თითოეული კითხვა, რომელიც შესაძლებელია არსებობდეს, თუ რა მოცულობით დაზიანდა და შეფერხდა რომელიმე უწყების საქმიანობა, ამასთან დაკავშირებით არა მარტო ბრალდების მხარეს ექნება შეკითხვები, არამედ დაცვის მხარესაც ექნება შესაძლებლობა.
უწყებებიდან შესაბამისი წარმომადგენლები იყვნენ გამოყოფილი, რომლებიც გამოიკითხნენ გამოძიების პროცესში.
გიორგი ბარამიძის განცხადება, რომელიც დღევანდელ სასამართლო პროცესზე სხვათა შორის, რამდენიმე ინტერპრეტაციით მოვისმინეთ, სისხლის სამართლის საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებით, რა თქმა უნდა, ადასტურებს როგორც 318-ე მუხლს, ისე 307-ე მუხლის პრიმა ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს.
სისხლის სამართლის საქმეში ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული თითოეული გარემოება დასტურდება სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებებით. აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებს გამოვიკვლევთ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე.
მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში დაკითხული არიან როგორც სამხედრო პირები, ვეტერანთა საზოგადოების წევრები, ასევე არიან დაკითხული აფხაზეთის ომის მონაწილე პირები.
ბრალდება გიორგი ბარამიძეს ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ყოფილ სახელმწიფო მინისტრს, ხუთი მოწვევის პარლამენტის ყოფილ წევრს და დღევანდელ პროცესზე დაამატა, რომ ყოფილ ვიცე-პრემიერს წარდგენილი აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ მან მიუთითა, რომ ქართველი სამხედროები საბრძოლო მოქმედებებში ხვრეტდნენ ტყვეებს. ეს არის ჰუმანიტარული სამართლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა. შესაბამისად, აღნიშნული წარმოადგენს ომის დანაშაულში ქართველი სამხედროების დადანაშაულებას.
გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ ქართველი სამხედროები ხვრეტდნენ ტყვეებს და ბრალდების მხარის შეფასებით, ეს არ არის ვერბალური მოსაზრება. გიორგი ბარამიძემ სცადა და რამდენჯერმე შეცვალა მისი განცხადების ინტერპრეტაცია მას შემდეგ, რაც იგრძნო ის მოსალოდნელი პასუხისმგებლობა, რომელიც წაკითხულის გააზრებიდან გამომდინარეობს, როდესაც მიუთითებს, რომ პირადად მიდიოდა ფრონტის ხაზზე იმისთვის, რომ ტყვეები აეყვანათ“,- განაცხადა თამარ იაკობიძემ.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.
საქმე ეხება აფხაზეთის ომზე ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას. კერძოდ კი, რომ "1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის საწყის ეტაპზე, ქართული შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს ტყვეები არ აჰყავდათ და მათ ადგილზე ხვრეტდნენ".
პროკურატურის ინფორმაციით, მისმა განცხადებამ ზიანი მიაყენა საქართველოს თავდაცვის ძალების რეპუტაციას, შეილახა აფხაზეთის ომის მონაწილე ვეტერანებისა და დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების პატივი და ღირსება. ამავდროულად, გიორგი ბარამიძის ქმედებამ, საფრთხე შეუქმნა კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესს, დააზიანა საქართველოს სამშვიდობო და დეოკუპაციის პოლიტიკა და ხელი შეუშალა სახელმწიფო უწყებების ნორმალურ ფუნქციონირებას, მათ შორის საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის განხორციელებას და მის მიერ ნდობის აღდგენისა და თანამშრომლობის მიმართულებით შექმნილი მექანიზმების ეფექტიან ფუნქციონირებას.
აღნიშნული ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.