მედია - გერმანია ლაიფციგის აეროპორტში დაგეგმილ თავდასხმას რუსეთის სამხედრო დაზვერვას უკავშირებს

გერმანია ლაიფციგის აეროპორტში დაგეგმილ თავდასხმას რუსეთის სამხედრო დაზვერვას უკავშირებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Welt am Sonntag ავრცელებს, რომელმაც ბოლო კვირების განმავლობაში გამოძიების საიდუმლო, აქამდე უცნობ მასალებზე წვდომა მიიღო და ესაუბრა უშიშროების ორგანოების მაღალჩინოსნებს.

კერძოდ, რედაქციამ ეჭვმიტანილების სრული სახელები იცის, ისევე როგორც მათი გერმანიაში შესვლის და ქვეყნიდან გასვლის დეტალები.

ცნობისთვის, 4 აგვისტოს საღამოს, ლაიფციგის აეროპორტი თავდასხმის ობიექტი გახდა ასაფეთქებელი დრონის გამოყენებით. მოწყობილობა უკრაინული სატვირთო თვითმფრინავის მახლობლად იქნა აღმოჩენილი და განეიტრალებული. გამომძიებლებმა კიდევ ორი დრონის ნამსხვრევები აღმოაჩინეს აეროპორტის მახლობლად.

უშიშროების ორგანოებში წყაროების ინფორმაციით, მთავარი ეჭვმიტანილები არიან ბელარუსის მოქალაქე, ანდრეი კა. და რუსეთის მოქალაქე, ოლეგ ლე. გერმანიის უშიშროების ორგანოებს მიაჩნიათ, რომ ლე. თავდასხმის დაგეგმვაზე და ლოჯისტიკაზე იყო პასუხისმგებელი. მათ ასევე მიაჩნიათ, რომ ის რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან არის დაკავშირებული.

გამოძიების ინფორმაციით, ლე. გერმანიაში თურქეთის გავლით “ბერლინი-ბრანდენბურგი” აეროპორტში ჩავიდა. მოგვიანებით, ის იმავე აეროპორტით სერბეთში გაფრინდა. ახლა ლე. რუსეთში იმყოფება. გამოცემის ინფორმაციით, გამომძიებლებმა მისი ჩამოსვლისთანავე იცოდნენ, რომ ის რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან არის დაკავშირებული, თუმცა ქვეყანაში შესვლის შემდეგ მასზე მეთვალყურეობა არ ხორციელდებოდა.

თავდასხმის დროს გამოყენებული დრონიდან, ორი აფრენის დროს გაურკვეველი მიზეზებით განადგურდა. მესამე დრონმა უკრაინულ სატირთო თვითმფრინავამდე მიაღწია, მაგრამ არ აფეთქდა. გამოძიების ინფორმაციით, ჯამში იგეგმებოდა ასაფეთქებელი მასალა “შემტექსის” 1.8 კილოგრამის გამოყენება. თვითმფრინავს, რომელიც თავდასხმის ობიექტი იყო, კეროსინის დაახლოებით 25 ათასი ლიტრი გადაჰქონდა და დრონის დეტონაციის შემთხვევაში ეს ძლიერ აფეთქებას გამოიწვევდა და აეროპორტის ნაწილს გაანადგურებდა.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ