ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე Orizzonti-ის საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჯილდო მოიპოვა ფილმმა “A Few Moments of Happiness” (რეჟისორი: შადენ საფიედინ ტაზი), რომლის ქართველი პროდიუსერები არიან ანა ხაზარაძე და ნინო ჩიჩუა, ხოლო მწარმოებელი კომპანიაა მათ მიერ დაფუძნებული 1991 Productions UK.
„როგორც ცნობილია, “A Few Moments of Happiness” პირად გამოცდილებაზე აგებული ფილმია - რას ნიშნავს, შორს იყო და ეკრანიდან უყურებდე, როგორ ინგრევა შენი ქვეყანა. როდესაც ლიბანში ომი იწყება, პარიზში მცხოვრები ახალგაზრდა რეჟისორი შადენი საკუთარი ეკრანის ჩაწერას იწყებს: Instagram-ის სთორები, WhatsApp-ის შეტყობინებები, ახალი ამბების ფრაგმენტები, ახლობლებისგან მიღებული ხმოვანი შეტყობინებები და ზოგჯერ - უბრალოდ სიჩუმე. ნელ-ნელა ეს ციფრული კვალი ემიგრაციაში მყოფი ადამიანის პირად ვიზუალურ დღიურად იქცევა. უყურებ საკუთარ სახლს შორიდან. ელოდები შეტყობინებებს, "სქროლავ", შიშობ და ამ ყველაფრის პარალელურად ჩვეულებრივ ცხოვრებას აგრძელებ”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
“A Few Moments of Happiness” კომპანიის ბრიტანული ფილიალის მიერ წარმოებული პირველი უცხოენოვანი მოკლემეტრაჟიანი ფილმია.
„ეს გამარჯვება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული კინოსთვისაც: ფილმის საერთაშორისო წარმატების უკან დგას ქართული პროდიუსერული გუნდი, რომელიც უკვე წლებია ქართულ და საერთაშორისო კინოპროექტებზე მუშაობს (უტა ბერიას- ცრემლსადენი გაზი, ლევან აკინის - გზაჯვარედინზე, ქეთევან ვაშაგაშვილის - ცხრათვიანი კონტრაქტი, ლუკა ბერაძის - ღიმილიანი საქართველო)“,- ნათქვამია ორგანიატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც ცნობილია, ვენეციის კინოფესტივალის გრან-პრი მიენიჭა დანიურ ფილმს "ქალი უცნობია", მაი ელ-ტუკის რეჟისორობით. "ვერცხლის ლომი" სამხრეთ კორეელი რეჟისორს, ლი ჩან დონს ფილმისათვის "შესაძლო სიყვარული" გადაეცა. საუკეთესო კაცი მსახიობის ჯილდო ჯონ მალკოვიჩმა, CIA-ის აგენტის როლისათვის მიიღო - ფილმში "ველური ცხენი ნომერი ცხრა", საუკეთესო ქალი მსახიობად კი მატილდა არსელი დასახელდა, რომელიც არის მთავარი როლის შემსრულებელი ფილმში "ქალი უცნობია". "ოქროს ლომი" მსახიობ ჯორჯ კლუნს გადაეცა.