გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის მრჩეველი, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი და სხვა ევროპელი მაღალჩინოსნები რუსული დრონების თავდასხმის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდნენ პოლონეთის საზღვართან. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Der Spiegel-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, კიევიდან პოლონეთის მიმართულებით სპეციალური მატარებელი დრონებით თავდასხმის საფრთხის გამო შეაჩერეს, როდესაც მასში გერმანიის კანცლერის მრჩეველი, გიუნტერ ზაუტერი, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი და სხვა ევროპელი მაღალჩინოსნები იმყოფებოდნენ.
ზაუტერი, რომელიც გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის მრჩეველია საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, კიევში დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და იტალიის უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლებთან ერთად იმყოფებოდა.
გამოცემის ინფორმაციით, მატარებელი დილის დაახლოებით 05:00 საათზე გაჩერდა პოლონეთის საზღვრის მახლობლად. დრონებით თავდასხმის საფრთხის გამო მატარებლის ნაწილის ევაკუაცია მოხდა.
ზაუტერისა და ჯონსონის გარდა სპეციალურ მატარებელში იმყოფებოდნენ სხვა ევროპული მთავრობების უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლები, ბუნდესტაგის დეპუტატები, დიპლომატები და მეცნიერები.
“უსაფრთხოების ზომების მიზეზი გახდა ინციდენტი ამ სარკინიგზო მონაკვეთზე. იქ ასევე დილით ადრე, პოლონეთის საზღვრის მახლობლად, დრონმა რეგულარულ მატარებელს დაარტყა, რომელიც კიევიდან ვარშავაში მიდიოდა. ოპერატორის თქმით, ამის შედეგად დაზიანდა მატარებლის ლოკომოტივი, არავინ დაშავებულა”, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
მატარებელში ასევე იმყოფებოდა პარტია “მწვანეების” ბუნდესტაგის დეპუტატი, რობინ ვაგენერი, რომელმაც თავდასხმებს ტერორი უწოდა.
“დრონების ეს თავდასხმები უკრაინელი სამოქალაქო პირების წინააღმდეგ ბრმა ტერორია და სახიფათო ესკალაციაა პუტინის ომში…
რუსეთი სულ უფრო დაუნდობელი ხდება და უშუალო პროვოკაციებს ახდენს ევროკავშირისა და ნატო- საზღვართან, მკაფიოდ ბოლო უნდა მოვუღოთ ამ ტერორს,” - განაცხადა ვაგენერმა.