ახლო აღმოსავლეთში ბოლო დარტყმები გლობალურ ნავთობმომარაგებას საფრთხეს უქმნის. ამის შესახებ Reutes-ი წერს.
გამოცემის თანახმად, ნავთობის "თრეიდერები" ორშაბათს ბაზრების გახსნისას ფასების ზრდას ელოდებიან, რადგან შაბათ-კვირას განვითარებულმა მოვლენებმა საფრთხე შეუქმნა მსოფლიოს უდიდესი ექსპორტიორის - საუდის არაბეთის - მიერ ნავთობის მიწოდებას.
რაც შეეხება გასულ დღეებში მომხდარ შემთხვევებს რეგიონში, მედიის თანახმად, სპარსეთის ყურეში მომხდარი უახლესი ინციდენტების ფონზე, ბრიტანეთის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტომ (UKMTO) კვირას განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეში მოძრავ გემს ჭურვი მოხვდა, რამაც ხანძარი გამოიწვია და ეკიპაჟის ევაკუაცია გახადა საჭირო.
თავის მხრივ კი ირანმა განაცხადა, რომ ერთი ადამიანი და დაიჭრა ეკიპაჟის ოთხი წევრი ირანულ კომერციულ გემზე, რომელსაც სანაპიროსთან დაარტყეს.
საუდის არაბეთში სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ასახულია სახლებისა და მეჩეთის დაზიანება სამხრეთით მდებარე პროვინციაში. სავარაუდოდ, ეს "ჰუსიტების" მიერ საზღვრისპირა ზონაში განხორციელებული მორიგი თავდასხმის შედეგი იყო. "ჰუსიტებმა" ასევე განაცხადეს, რომ მეზობელ პროვინციაში საუდის არაბეთის სამხედრო ბაზას დაარტყეს.
საუდის არაბეთის სამხრეთ ქალაქებში გასული კვირიდან მოყოლებული რეგულარულად ცხადდება განგაში. დასავლური მედია აღმიშნავს, რომ სიტუაცია პარასკევს დრონებით განხორციელებულმა თავდასხმებმა გაამწვავა, რამაც მწყობრიდან გამოიყვანა არაბეთის ნახევარკუნძულზე გამავალი 1200-კილომეტრიანი (745 მილი) ნავთობსადენი. ეს მილსადენი წარმოადგენს ახლო აღმოსავლეთიდან ნავთობის გლობალური მიწოდების მთავარ მარშრუტს, რომელიც ჰორმუზის სრუტის გვერდის ავლით ფუნქციონირებს.