ირანის ელჩი - ირანელების მოგზაურობის მიმართულების არჩევისას, საქართველო ერთ-ერთი არჩევანი იყო, თუმცა არა ერთადერთი - არსებობს სხვა მიმართულებებიც

ირანელების მოგზაურობის მიმართულების არჩევისას, საქართველო ერთ-ერთი არჩევანი იყო, თუმცა არა ერთადერთი. არსებობს სხვა მიმართულებებიც, სხვა ქვეყნები სანახავად, სხვა კულტურები გასაცნობად და სხვა ხალხები სასაუბროდ, - ასე ეხმაურება ირანის ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოჯანი ირანულ ავიაკომპანიებზე აშშ-ის სანქციების დაცვასთან დაკავშირებით სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებას.

როგორც ის აღნიშნავს, „ირანი პატივს სცემს მიღებულ გადაწყვეტილებას, თუმცა სხვების არჩევანის პატივისცემა არ ნიშნავს საკუთარი არჩევანის უფლების უგულებელყოფას“.

„ბოლო დღეებში, ირანელმა ტუროპერატორებმა საქართველოს მიმართულებით ტურისტული მოგზაურობების გაგრძელებასთან დაკავშირებით ახალი კითხვებით მიმართეს ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს საკონსულო განყოფილებას. ჩვენი პასუხი ნათელია: საქართველო, უდავოდ, შავი ზღვის სანაპიროზე ირანელთა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულება იყო. ულამაზესი ქვეყანა, გამორჩეული ბუნებით, მდიდარი კულტურით, მრავალფეროვანი სამზარეულოთი, წყაროებითა და მინერალური წყლებით, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მრავალ ირანელ ტურისტს მასპინძლობდა. ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს, ქართველ ხალხსა და ამ ქვეყნის დამოუკიდებელ არჩევანს. საქართველოს ბოლო გადაწყვეტილება, რომელიც დასავლეთის სანქციებიდან გამომდინარე გარკვეული შეზღუდვების დაწესებას უკავშირდება, არის გადაწყვეტილება, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ, როგორც ამ ქვეყნის არჩევანს.თუმცა სხვების არჩევანის პატივისცემა არ ნიშნავს საკუთარი არჩევანის უფლების უგულებელყოფას.

ირანელები მოგზაურობის მიმართულების არჩევისას, როგორც ნებისმიერი სხვა საზოგადოება, გადაწყვეტილებას მთელი რიგი მოსაზრებების საფუძველზე იღებენ, მათ შორის უსაფრთხოების, სიმარტივის, სარგებლის, ხარჯების, ურთიერთპატივისცემისა და ღირსების გათვალისწინებით. საქართველო ერთ-ერთი არჩევანი იყო, თუმცა არა ერთადერთი.

ტურიზმის ეკონომიკა ცოცხალი და ორმხრივი ეკონომიკაა. ტურისტების ჩამოსვლა მხოლოდ მოგზაურთა შემოსვლას არ ნიშნავს; ამით სარგებლობენ სასტუმროები, რესტორნები, ტრანსპორტი, მაღაზიები, გიდები, რეწვის სფერო, მუნიციპალური სერვისები და ეკონომიკის ათეულობით მიმართულება. ისტორიამაც აჩვენა, რომ მოგზაურები მხოლოდ ტურისტები არ ყოფილან; ისინი ცოდნის, კულტურისა და ხალხებს შორის ურთიერთობის გადამტანი იყვნენ და ზოგჯერ თანამშრომლობისა და განვითარების ახალი გზებიც გაუხსნიათ. ამ თვალსაზრისით, თუ დღეს ახალი ვითარება შეიქმნა, მას მხოლოდ შეზღუდვად არ უნდა შევხედოთ; ყოველი შეზღუდვა შეიძლება ახალი გზების პოვნის შესაძლებლობად იქცეს.

შავი ზღვა მხოლოდ ერთი მიმართულება არ არის და მას მხოლოდ ერთი სანაპირო არ აქვს; ამ სივრცეში არსებობს სხვა ლამაზი და ზოგჯერ უფრო ხელმისაწვდომი სანაპიროები და პორტებიც, რომლებიც შეიძლება ირანელთა მოგზაურობის მიმართულებებად იქცეს. არსებობს სხვა მიმართულებებიც, სხვა ქვეყნები სანახავად, სხვა კულტურები გასაცნობად და სხვა ხალხები სასაუბროდ. ირანელები იმოგზაურებენ, ნახავენ და შეიცნობენ; თუმცა მიმართულებას გააზრებულად, ურთიერთსარგებლისა და ურთიერთ ღირსების საფუძველზე აირჩევენ. და შესაძლოა, სწორედ ამ ახლის არჩევანში ახალი მეგობრობებიც ჩამოყალიბდეს.

საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ ჩვენი პატივისცემა და მეგობრობა უცვლელია. ისევე როგორც ირანისა და ირანელთა არჩევანის უფლებაც პატივსაცემია“,- წერს ირანის ელჩი საქართველოში სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, აშშ-მ 27 ირანული ავიაკომპანიის დასანქცირების გადაწყვეტილება მიიღო, რომელთაგანაც ნაწილი საქართველოსა და ირანს შორისაც დაფრინავს. მოგვიანებით, აშშ-ის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოს ავიაციის სააგენტო გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ქართული მხარე როგორც სხვა შემთხვევებში, ახლაც იმოქმედებს საერთაშორისო სანქციების რეჟიმის სრული დაცვით“.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში