უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უმაღლესი რადას დეპუტატებს მოუწოდებს, უკრაინის გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გათავისუფლებას მხარი დაუყოვნებლივ დაუჭირონ, - განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
„ამ გენერალურ პროკურორს მხოლოდ ერთი გზა აქვს: თანამდებობიდან გათავისუფლება. მას სწორედ ეს ვუთხარი. უკრაინამ ყველა მიზეზი იხილა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, თუ უკრაინის გენერალური პროკურორი, რუსლან კრავჩენკო „ამას პოლიტიკურ ზეწოლად თვლის, შეუძლია ამას ასეც უწოდოს“.
თავად რუსლან კრავჩენკო სოციალურ ქსელში წერს, რომ საზღვარგარეთ იმყოფება.
„ამჟამად საზღვარგარეთ მივლინებაში ვიმყოფები, რომლის ფარგლებში მთელი რიგი შეხვედრებია დაგეგმილი. ვგეგმავ, რომ საერთაშორისო პარტნიორებს ანტიკორუფციული ორგანოების სისტემაში არსებული რეალური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მივაწოდო“, - წერს კრავჩენკო „ტელეგრამის“ არხზე.
ცნობისთვის, მანამდე, რუსლან კრავჩენკომ განაცხადა, რომ უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორის, სემიონ კრივონოსის წინააღმდეგ ბრალდების წაყენების გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი. კრავჩენკო სემიონ კრივონოსს გენერალურ პროკურატურაში ჩატარებული სპეციალური ოპერაცია „კართაგენის“ ფარგლებში, ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელებისა და თანამშრომლების წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების მასალების უკანონოდ ამოღებაში ადანაშაულებს.
უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ გენერალური პროკურატურის ოფისში კრიმინალური ორგანიზაციის გამოსავლენად სპეციალური ოპერაცია „კართაგენი“ 4 სექტემბერს ჩაატარეს. საქმე ეხებოდა თაღლითური სატელეფონო ცენტრების ქსელისა და აქტივების გათეთრების მფარველობაში გენერალური პროკურატურის თანამდებობის პირის ხელმძღვანელობით მოქმედი ჯგუფის მონაწილეობას.
რუსლან კრავჩენკომ 8 სექტემბერს გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება უკრაინის უმაღლეს რადას წარუდგინა.