პრემიერი - ეს არის ის ძირითადი ცვლილებები, რაც განხორციელდა და ახლო მომავალში სხვა არსებით სიახლეებს არ ველოდებით - დასანიშნია კულტურის მინისტრი, რასთან დაკავშირებითაც ინფორმაციას უახლოეს მომავალში გაგიზიარებთ

ეს არის ის ძირითადი ცვლილებები, რაც განხორციელდა და ახლო მომავალში სხვა არსებით სიახლეებს არ ველოდებით - დასანიშნია კულტურის მინისტრი, რასთან დაკავშირებითაც ინფორმაციას უახლოეს მომავალში გაგიზიარებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, შემოსავლების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში ფუნქციონირებს და ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილის „ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი პოზიცია ჰქონდა, რაც შესაბამისი არგუმენტების საფუძველზე გავიზიარეთ“.

„არ მგონია, მომავალში რაიმე არსებითი ცვლილებები იყოს. მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები რამდენიმე სტრუქტურაში განხორციელდა - საგამოძიებო სამსახური და შემოსავლების სამსახური არის მნიშვნელოვანი უწყებები, რომლებიც ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში ფუნქციონირებს. ამ საკითხთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრს ჰქონდა თავისი პოზიცია, რაც შესაბამისი არგუმენტების საფუძველზე გავიზიარეთ.

ის შედეგები, რაც შემოსავლების მობილიზებისა თუ სხვა მიმართულებებით გვაქვს, მთლიანად სამთავრობო გუნდისა და ფინანსთა მინისტრის მუშაობის შედეგია. როტაცია კი ჯანსაღი პროცესია, ყოველთვის შესაძლებელია პოზიციის კიდევ უფრო გაუმჯობესება და ისეთი ადამიანის დანიშვნა, რომელსაც შესაძლოა უფრო მეტი კომპეტენცია ჰქონდეს. ასეთი შეხედულება ჰქონდა ფინანსთა მინისტრს და ჩვენც გავითვალისწინეთ.

ასევე, განხორციელდა ცვლილებები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. ამ შემთხვევაშიც იყო გელა გელაძის შესაბამისი პოზიცია. პარლამენტის მიერ დამტკიცების შემდეგ სუს-ის ხელმძღვანელის თანამდებობას თამაზ ბორაშვილი დაიკავებს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება სუს-ის ყოფილი უფროსის, გელა გელაძის შს მინისტრის მოადგილედ გადაყვანას, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება გელაძის პირადი მიზეზებიდან გამომდინარე იქნა მიღებული.

„რაც შეეხება ბატონ გელაძეს, ის არის ნამდვილად გამორჩეული პროფესიონალი, გამორჩეული პიროვნული თვისებების მქონე ადამიანი და გამორჩეული მოღვაწე თავის სფეროში. მან ძალიან ბევრი რამ გააკეთა როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში, ისე სუს-ში. მას ჰქონდა პირადი მიზეზები, რომლებზეც თავად არ ისურვა საუბარი. გუშინ გვქონდა კონსულტაციები და მას ჰქონდა პირადი პოზიცია. მთავარია გუნდის დამოკიდებულება, რომელსაც ახლა ვახმოვანებ, ის განსაკუთრებულად გამოირჩევა პროფესიონალიზმითა და კეთილსინდისიერებით. კონსულტაციების შედეგად ჩამოყალიბდა პოზიცია, რომ იგი შს მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, ხომ არ იგეგმება შს ყოფილი მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მინისტრთა კაბინეტში დაბრუნება, ირაკლი კობახიძის თქმით, ასეთი საკითხი არ განიხილება.

ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა აღარ შეიქმნება.

კითხვაზე, თავის დროზე „შეიქმნა თუ არა კონკრეტულად მამუკა მდინარაძისათვის სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა“, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ „რაღაც კუთხით პიროვნულმა ფაქტორმა თავისი გავლენა იქონია და როდესაც პიროვნული ნიშნით ხდება ასეთი თანამდებობის შემოღება ეს სავსებით ნორმალურია“.

„რაღაც კუთხით პიროვნულმა ფაქტორმა თავისი გავლენა იქონია. ეს არის სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა და როდესაც პიროვნული ნიშნით ხდება ასეთი თანამდებობის შემოღება ეს სავსებით ნორმალურია. კონკრეტული პიროვნებისთვის დარგობრივი სამინისტრო რომ შექმნა შეიძლება არასწორი იყოს, მაგრამ როდესაც შემოგაქვს სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელიც უპორტფელო მინისტრის თანამდებობაა. ნორმალური მოვლენაა აქ პიროვნული ფაქტორის შემოტანა, განსხვავებით კონკრეტული პიროვნებებისთვის სამინისტროს შექმნისაგან“, - განაცხადა კობახიძემ.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში