თანამშრომლობა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით და საპროცესო გარიგების დადება არის საფუძველი სასჯელის შემსუბუქებისთვის, არა ბრალის გაქარწყლებისთვის, ან განეიტრალებისთვის რაიმე ფორმით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის საპროცესო გარიგებას შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საპროცესო გარიგება არ ნიშნავს ბრალის შემცირებას.
„საპროცესო გარიგების ბუნება ასეთია - როდესაც იდება საპროცესო გარიგება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბრალი მცირდება. ბრალი არის ბრალი. უბრალოდ თანამშრომლობა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით და საპროცესო გარიგების დადება არის საფუძველი სასჯელის შემსუბუქებისთვის, არა ბრალის გაქარწყლებისთვის, ან განეიტრალებისთვის რაიმე ფორმით, არამედ სასჯელის შემცირებისთვის და ეს არის ზუსტად საპროცესო გარიგების ბუნება. რაც შეეხება სამოქალაქო დავას, ამასთან დაკავშირებითაც გვექნება კოორდინაცია და მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება. რაც არის სწორი სამართლებრივად, იმას გავაკეთებთ“, - აღნიშნა პრემიერმა.