არ ვფიქრობ, რომ [სუს-ის უფროსის] ხშირი ცვლილება კარგი იქნება თვითონ სისტემისთვის, მაგრამ როდესაც საქმე გვაქვს პირადი განცხადებით სამსახურის დატოვებასთან დაკავშირებით, ვერაფერს ვიზამთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრე ტაბატაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სუს-ის ხელმძღვანელის კანდიდატი თამაზ ბორაშვილი კვალიფიციური კადრია.
„ძალიან მახარებს, რომ თამაზ ბორაშვილი წამოსულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წიაღიდან. მას გავლილი აქვს თითქმის ყველა თანამდებობრივი პოზიცია. ის არის კვალიფიციური კადრი.
არ ვფიქრობ, რომ [სუს-ის უფროსის] ხშირი ცვლილება კარგი იქნება თვითონ სისტემისთვის, მაგრამ როდესაც საქმე გვაქვს პირადი განცხადებით სამსახურის დატოვებასთან დაკავშირებით, ვერაფერს ვიზამთ, გარდა იმისა, რომ უნდა ეცადო, სამსახური ისევ იდგეს თავის მოწოდების სიმაღლეზე და ასრულებდეს თავის ფუნქციებს“, - განაცხადა ტაბატაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა წარადგინა. თამაზ ბორაშვილი ამ დრომდე სუს-ის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. გელა გელაძემ, რომელიც სუს-ის უფროსის თანამდებობას იკავებდა, გადადგომის შესახებ დღეს განაცხადა. ის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.