რეგისტრაციიდან დაფინანსებამდე
„საქართველოს ბანკი“, როგორც განათლების მხარდამჭერი, კომაროვის სკოლისა და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტის STEM სკოლის განხორციელებას აგრძელებს. პროექტი საბუნებისმეტყველო საგნების პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა – STEM განათლება აერთიანებს ცოდნას მეცნიერების (Science), ტექნოლოგიის (Technology), ინჟინერიის (Engineering) და მათემატიკის (Mathematics) შესახებ.
STEM სკოლა უკვე 2000-ზე მეტ მოსწავლეს აერთიანებს, რომელთაგან 500-ზე მეტი საქართველოს ბანკის სტიპენდიატია.
ციფრულ ეპოქაში STEM მიმართულებით ცოდნა სულ უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება: ელექტრული ინჟინერი, პროგრამისტი, მონაცემთა მეცნიერი, ავტომატიზაციის ინჟინერი, კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი – ეს მომავლის პროფესიების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რომლებიც ტექნოლოგიური პროგრესის სამყაროში ყოველთვის მოთხოვნადი იქნება.
STEM სკოლის მიზანია, ახალი თაობა გახდეს ტექნოლოგიების შემქმნელი და არა მხოლოდ მომხმარებელი, რისთვისაც სკოლა მოსწავლეებს აძლევს საბაზისო ცოდნას, მომავალში მათთვის საინტერესო პროფესიების დასაუფლებლად.
ვის შეუძლია STEM სკოლაში სწავლა?
STEM სკოლა განკუთვნილია საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების (კომაროვის გარდა) მე-7-დან მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის, ასევე საზღვარგარეთ მცხოვრები მოსწავლეებისთვის, რომლებიც ქართულ ენას კარგად ფლობენ.
როგორი ფორმატით ასწავლიან STEM სკოლაში?
STEM სკოლაში სწავლა ონლაინ მიმდინარეობს. მოსწავლეები კვირაში ერთხელ ესწრებიან გაკვეთილებს, რომლებსაც კომაროვის სკოლის და მოწვეული პედაგოგები ატარებენ. ონლაინ ფორმატი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონებში მცხოვრები მოსწავლეებისთვის, რადგან ის გეოგრაფიულ ბარიერს ხსნის და მაღალი ხარისხის განათლებას ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომს ხდის.
მთლიანი კურსი 8-თვიანია, გაკვეთილები კვირაში ერთხელ, შაბათს ან კვირას, 2 ცვლად ტარდება.
STEM სკოლის სასწავლო პროგრამა
STEM სკოლის კურიკულუმი და სასწავლო პროგრამა უნიკალურია – იგი არ არის რომელიმე სასკოლო საგნის ანალოგი.
სასწავლო პროცესი ორ მოდულად იყოფა და ორ სემესტრზე ნაწილდება.
სწავლის პროცესში მოსწავლეები მუშაობენ ისეთ პრაქტიკულ პროექტებზე, როგორიცაა, მაგალითად, შუქნიშნის მოდელის აწყობა, მოძრაობის სენსორის ამუშავება, ან სენსორების გამოყენებით ტენიანობის, წნევისა და ქარის სიჩქარის გაზომვა. ეს პროცესი მათ არა მხოლოდ ტექნიკურ ცოდნას, არამედ კრეატიულ და კრიტიკულ აზროვნებას უვითარებს.
STEM სკოლაში სწავლის საფასური და დაფინანსება
სწავლის პროცესში ჩართულობისთვის, მოსწავლეს ესაჭიროება წვდომა ინტერნეტსა და პერსონალურ კომპიუტერზე ან ლეპტოპზე. სკოლა, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ყველა საჭირო სახელმძღვანელოსა და საგანმანათლებლო რესურსს.
საქართველოს ბანკი, მისაღები ტესტირების შედეგების საფუძველზე, ყოველწლიურად 90 საუკეთესო მოსწავლეს ავლენს, რომლებსაც სწავლას უნაზღაურებს. კერძოდ, 60 სტიპენდიატი 100%-იან, ხოლო 30 – 50%-იან დაფინანსებას იღებს.
რეგისტრაცია STEM სკოლაში
რეგისტრაცია წელიწადში ორჯერ, გაზაფხულისა და შემოდგომის სემესტრების დასაწყისში ცხადდება. STEM სკოლაში მოსახვედრად მოსწავლეებს ჩართული ვიდეოკამერებით, ონლაინ ტესტირება უტარდებათ, რომელიც ლოგიკური აზროვნების უნარს, ალგორითმულ აზროვნებასა და მათემატიკის ცოდნას ამოწმებს. გაითვალისწინე, რომ რეგისტრაცია 30 სექტემბრამდე გაგრძელდება.
(R)