9-13 სექტემბერს, საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას - „Homo erectus-ის 100+35 წელი: დმანისი და მის მიღმა“ უმასპინძლა.
კონფერენცია Homo erectus-ის აღმოჩენიდან 135 წლისთავსა და დმანისის პირველი ჰომინინის აღმოჩენის 35 წლის იუბილეს მიეძღვნა.
კონფერენცია 9 სექტემბერს საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეზოში ფართო აუდიტორიისთვის გამართული საღამოს ღონისძიებით დაიწყო. საჯარო ლექციები პროფესორმა მიშელ ბრუნემ და პროფესორმა ხუან ლუის არსუაგამ წაიკითხეს - ორმა პალეოანთროპოლოგმა, რომელთა სახელებთან ადამიანის ევოლუციის კვლევის უმნიშვნელოვანესი აღმოჩენებია დაკავშირებული.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ მეცნიერები 15-ზე მეტი ქვეყნიდან, მათ შორის „სტოუნ ეიჯ ინსტიტუტის“ დამფუძნებლები და ექსპერიმენტული არქეოლოგიის პიონერები კეტი შიკი და ნიკოლას ტოტი; ტიუბინგენის უნივერსიტეტის პროფესორი, 2026 წლის Albert Einstein World Award of Science-ის ლაურეატი კატერინა ჰარვატი და სხვა საერთაშორისოდ აღიარებული მკვლევრები.
10–12 სექტემბერს საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გამართულ სამეცნიერო სესიებზე მონაწილეებმა წარმოადგინეს ადამიანის ევოლუციის, პალეოანთროპოლოგიის, არქეოლოგიის, პალეონტოლოგიის, ადრეული ადამიანის ქცევისა და გარემოს უახლესი ინტერდისციპლინური კვლევების შედეგები.
დასკვნითი სხდომა მიეძღვნა საქართველოს, როგორც ბიომრავალფეროვნებითა და უძველესი ხანიდან დღემდე კულტურული პროცესების უწყვეტობით გამორჩეული ტერიტორიის, მნიშვნელობას ადამიანის ევოლუციის შესწავლისთვის, აგრეთვე ბიოკულტურული პროცესებისა და კლიმატის ცვლილების კვლევის სამომავლო პერსპექტივებს.
13 სექტემბერს კონფერენციის მონაწილეები ეწვივნენ დმანისსა და ოროზმანს. დმანისში, სადაც 35 წლის წინ დაწყებული საველე კვლევები აკადემიკოს დავით ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით დღესაც გრძელდება, მონაწილეებმა ადგილზე დაათვალიერეს მიმდინარე არქეოლოგიური სამუშაოები და უახლესი აღმოჩენები. ვიზიტის ფარგლებში ისინი ასევე ეწვივნენ ბოლნისის მუზეუმს.
დმანისში აღმოჩენილი, დაახლოებით 1.77 მილიონი წლით დათარიღებული, სულ მცირე ხუთი ინდივიდის ნაშთები განსაკუთრებული დაცულობით გამოირჩევა. ეს აღმოჩენები დმანისს ადამიანის აფრიკის გარეთ გავრცელებისა და Homo-ს ადრეული ევოლუციის კვლევის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ძეგლად წარმოაჩენს.
კონფერენცია გაიმართა საქართველოს ეროვნული მუზეუმის, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის, საქართველოს კულტურის სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის, სტოუნ ეიჯ ინსტიტუტის (Stone Age Institute), ფლორენციის უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა დეპარტამენტის, ჰაიდელბერგის მეცნიერებათა აკადემიის ROCEEH-ის კვლევითი ცენტრისა და ვენერ-გრენის ფონდის (Wenner-Gren Foundation) თანამშრომლობითა და მხარდაჭერით.