დეპოლიტიზება სერიოზული პრობლემაა განათლების სისტემაში. ჩვენ ახლა მივდივართ სუპერ პოლიტიზების გზით, - ასე შეაფასა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ფიქრია ჩიხრაძემ სასკოლო განათლების სისტემის რეფორმა.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, ხელისუფლებამ ბავშვები მძიმე მომავლისთვის გაწირა, რადგან მათ არაზუსტად ასწავლიან ისტორიას, ცდილობენ კრიტიკული აზროვნების უნარი არ განუვითარონ და ფაქტების ანალიზის შესაძლებლობა არ მისცენ.
„ვულოცავთ ყველას სასწავლო წელს. დღეს საქართველოში 188 სკოლაში პირველკლასელი არ შევა, მათთვის ზარი არ დაირეკება. თუ სტატისტიკას გადავხედავთ, 5 წლის განმავლობაში 22 727 მოსწავლე წყვეტს საქართველოში სწავლას და ოჯახთან ერთად სხვა ქვეყანაში მიემგზავრება. თუ შევხედავთ ვითარებას, რა ხდება სკოლებისა და ბაღების გახსნის თვალსაზრისით, პრაქტიკულად, შეიძლება ითქვას, რომ მუნიციპალიტეტი არ არის, სადაც სკოლები დანგრეული არ არის. დანგრეულია ბაღებიც, რომელთა რეაბილიტაცია წლების განმავლობაში ჭიანურდება, იხარჯება ფული. რაც მთავარია, გაწამებული არიან ოჯახები, რომლებსაც ბავშვები ძალიან შორ მანძილზე დაჰყავთ სწავლისთვის თუ ბაღისთვის. არის სოფლები, რომლებიც სამწუხაროდ დაცლილია. ეს ცალკე ტრაგედია და უბედურება არის ჩვენი, მაგრამ არის ძლიერი სოფლებიც, სადაც მოსახლეობა ბევრია, მაგრამ ამ ძლიერ სოფლებში თუ არ არის ბაღი და სკოლა, ეს სოფლებიც განწირულია იმისთვის, რომ ხვალ და ზეგ აქ მოსახლეობამ დრამატულად იკლოს“, - განაცხადა ჩიხრაძემ.
მისი შეფასებით, განათლების სისტემაში სერიოზული პრობლემაა როგორც ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, ისევე ბავშვთა კვების კუთხით, ისე როგორც ფიქრია ჩიხრაძეს ერთ-ერთ საკვანძო და პრობლემატურ საკითხად სასკოლო სახელმძღვანელოები მიაჩნია, რომელიც მისი თქმით, ფაქტობრივ შეცდომებს და უზუსტობებს შეიცავს.
„რატომღაც საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ მხოლოდ ფორმები იყო პრობლემა და ეს მიმართულება უნდა მოგვარებულიყო, თუმცა აქაც ბევრი ხარვეზი იყო. რაც შეეხება სახელმძღვანელოებს, იმდენად მოუმზადებელი აღმოჩნდა ეს პროცესი, რომ მხოლოდ 12 სექტემბერს გამოქვეყნდა პირველი ნაწილის ელექტრონული ვერსია. წარმოიდგინეთ, მასწავლებელი ხელის ცეცებით უნდა შევიდეს და დაიწყოს სწავლება, მაგრამ ვაი იმას, რაც იმ სახელმძღვანელოში წერია და რაც უნდა ასწავლოს. ეს არის რაღაც უცნაურ პრინციპზე აგებული სახელმძღვანელო, სადაც პერსონალებზეა ისტორია მორგებული და ასეა მოთხრობილი. თხრობის დონეზე აღარ ვილაპარაკებ, ბევრს გაუჩნდა შთაბეჭდილება, რომ ის შეიძლება ხელოვნური ინტელექტის მიერ იყოს გენერირებული. იმდენი ფაქტობრივი შეცდომა, თარიღებთან დაკავშირებული უზუსტობაა ამ წიგნში, რომ უბრალოდ სირცხვილია ასეთ წიგნს სახელმძღვანელო ერქვას და „ერთი სახელმძღვანელო, ერთი პრინციპით“ ვამბობდეთ, რომ უკონკურენტო უნდა იყოს ამდენი ხარვეზის მქონე სახელმძღვანელო. რაც შეეხება პოლიტიკური გავლენის ნაწილს. სამწუხარო რეალობაა, რომ ხელისუფლების ძალიან მძიმე პოლიტიკა, რომელიც რუსეთთან დაკავშირებულია ისტორიულ ჭრილში თუ დღევანდელ რეალობაში, ძალიან მძიმედ აისახა ისტორიის სახელმძღვანელოშიც. ეს სად უნდა გამოჩენილიყო, თუ არა “გეორგიევსკის ტრაქტატთან” დაკავშირებით“, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
მისი განმარტებით, სახელმძღვანელოები არ არის საუბარი იმაზე, როგორ დაირღვა “გეორგიევსკის ტრაქტატი”, როგორც გაუქმდა ბაგრატიონების სამეფო ტახტი, როგორ გაუქმდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, როგორ იდევნებოდა ქართული ეკლესია და ასე შემდეგ. ფიქრია ჩიხრაძის განმარტებით, სახელმძღვანელოებში გამქრალია ისტორიის უმნიშვნელოვანესი მონაკვეთი - ილიას მკვლელობა, ქვეყნის ოკუპაცია, გასაბჭოება და რეპრესიები.
“უამრავი შეფასება აბსოლუტურად აცდენილი არის რეალობას. ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავასთან დაკავშირებით კონკრეტული ფაქტები არის გამქრალი, თარიღებია შეცდომით მოყვანილი და ასე შემდგომ. მართლა რატომ აკადრეს ამ ადამიანებმა თავის თავს ან ქართულ საზოგადოებას, ვინც ამ სახელმძღვანელოებზე მუშაობდნენ, ასეთი მდარე პროდუქტის შეთავაზება?!“,- განაცხადა ჩიხრაძემ.
როგორც მან აღნიშნა, სახელმძღვანელოების არჩევანი უნდა იყოს, რადგან „კონკურენციის მოსპობა ძალიან დიდი დანაშაულია“.
„ვიღაც თუ იკადრებდა და ასეთ მდარე პროდუქტს შემოიტანდა და დადებდა, აუცილებლად იარსებებდა ალტერნატივა. ბევრი ადამიანია საქართველოში, ვინც ძალიან სერიოზულ სახელმძღვანელოს დაწერს ისტორიაში თუ ლიტერატურაში. კონკურენციის მოსპობა ნიშნავს პარტიულ კონტროლს იმ სფეროზე, რომელიც უნდა იყოს პოლიტიკური კონიუნქტურისგან აბსოლუტურად დაცლილი. ისინი დეპოლიტიზებაზე ბევრს საუბრობდნენ. ეს დეპოლიტიზება სერიოზული პრობლემაა განათლების სისტემაში. ჩვენ ახლა მივდივართ სუპერ პოლიტიზების გზით. ისტორიის ცოდნაც კი არ უნდა, ამ სახელმძღვანელოს რომ წაიკითხავ მაშინვე მიხვდები, რა მძიმე მომავლისთვის გაწირეს ჩვენი ბავშვები, რომ მათ არაზუსტად ასწავლონ, კრიტიკული აზროვნების უნარი არ განუვითარონ, ფაქტების ანალიზის შესაძლებლობა არ მისცენ“, - განაცხადა ჩიხრაძემ.
რაც შეეხება პოლიტიკურ საკითხებს, პოლიტიკოსმა გადაცემაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გელა გელაძის თანამდებობიდან წასვლა შეაფასა და განაცხადა, რომ ეს ცვლილებები ხელისუფლების შიგნით კრიზისის, „კლანებს“ შორის დაპირისპირების გამოხატულებაა.
„ეს არის ისტერიული პროცესი, რომელიც შიდა კრიზისის, კლანებს“ შორის დაპირისპირების გამოხატულება არის. ეს ყველაფერი ხდება უსაფრთხოების სამინისტროსთან დაკავშირებით. თქვენ წარმოგიდგენიათ უსაფრთხოება რა მდგომარეობაშია, როდესაც ამ უმნიშვნელოვანესი სტრუქტურის ხელმძღვანელი ამდენჯერ იცვლება და თან, აბსოლუტურად გაუგებარი მიზეზებიც გამო. ამბობენ, რომ გადასარევად ასრულებდა თავის ფუნქციას და ახლა მიდის. ამ ყველაფერში ლოგიკა არ იძებნება, გარდა იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი ვიღაცებს აღარ ენდობა და მასთან დაკავშირებულ ფიგურებს ცვლის. მისთვის განსაკუთრებით მოწყვლადი და მნიშვნელოვანი არის სწორედ ეს მიმართულება - შსს და უშიშროების სფერო. ვისაც არ ენდობოდა, ისინი გაუშვა. რამდენი ახალი თანამდებობა შეუქმნეს მამუკა მდინარაძეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არცერთ თანამდებობაზე ის არავის სჭირდებოდა იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს არ სჭირდებოდა. არის საუბრები, რომ მის გარემოცვას პროკურატურაში დაატარებენ ყოველდღიურად გარკვეული ფინანსური პრობლემების გამო. ცალკე თემაა ამდენი კორუმპირებული ადამიანი რომ გყავს და შენ თვითონ რომ ამხელ სისტემაში. ამდენი არასანდო ადამიანი სახელმწიფოსთვის და არასანდო კონკრეტულად ერთი ადამიანისთვის, რომელიც თვის თავს სახელმწიფოსთან აიგივებს. მათი მთავარი პოსტულატი იყო- „ჩვენ ომი ავიცილეთ, ქვეყანაში უსაფრთხოება და სტაბილურობა არის“, როგორ შეიძლება ქვეყნის სტაბილურობაზე ვილაპარაკოთ, როდესაც ქვეყნის წამყვანი თანამდებობის პირები, პრემიერ-მინისტრები, შინაგან საქმეთა მინისტრები, უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელები, არაფერს ვამბობ ეკონომიკურ მიმართულებაზე, ყველანი ტოტალურად კორუმპირებული ამოჩნდნენ და ხალხის ფულს ჭამდნენ, ხალხის ფულს ძარცვავდნენ.ე ს სახელმწიფო შეგვრჩა-კორუმპირებული ჩინოსნებით გატენილი, მორღვეული უსაფრთხოების, თავდაცვის სისტემა და ერთი “კლანი” გაბატონებული მთელ სახელმწიფოში“, - განაცხადა ჩიხრაძემ.