გახარიას გუნდს ეძლეოდა შანსი, შეეცვალა ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა და ჩამჯდარიყო კონსტიტუციურ წყობაში - ამ შანსის გამოუყენებლობა და ის მოქმედებები, რომელთაც ისინი წარსულში თუ ახლა ემსახურებიან, გახდა ჩვენი კონსტიტუციური სარჩელის საფუძველი, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ასაკრძალ პარტიათა სიაში „გახარია საქართველოსთვის” დამატებაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, კონსტიტუციური სარჩელისთვის საკმარისი საფუძველია, როცა პარტია სრულად იზიარებს „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკას, ემსახურება რევოლუციურ სცენარებს, საქართველოს საერთაშორისო დისკრედიტაციას და სისტემატურად უგულებელყოფს კონსტიტუციურ ინსტიტუტებსა და იბრძვის მათ წინააღმდეგ”.
„პირადად ჩემთვის და, ალბათ, საზოგადოების უმრავლესობისთვის თავიდანვე ნათელი იყო, თუ ვინ გაატარა „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგია, ვინ აზიანებდა ამ სახელმწიფოს და ვინ მონაწილეობდა ანტიკონსტიტუციურ ქმედებებში. თავდაპირველად სარჩელი „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ მომზადდა, შემდგომ კი გაფართოვდა და სხვა პარტიებიც დაემატა. რაც შეეხება პარტიას „გახარია საქართველოსთვის“, მათ გადაწყვიტეს, ეთამაშათ როლი, თითქოს აღიარებდნენ კონსტიტუციურ წყობილებას და მოქმედებდნენ მის ფარგლებში. ისინი შევიდნენ პარლამენტში, მონაწილეობდნენ საკრებულოების მუშაობაშიც, რამაც შექმნა ილუზია, თითქოს შეცვალეს თავიანთი მიზანმიმართული, ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა. თუმცა, რეალურად არაფერი შეცვლილა.
მარტივი ტესტია: ჰკითხეთ თითოეულ მათგანს, აღიარებენ თუ არა კონსტიტუციურ ინსტიტუტებს, აღიარებენ თუ არა პრემიერ-მინისტრს, როგორც ქართველი ხალხისა და პარლამენტის მიერ არჩეულსა და დანიშნულს. შესაბამისად, შინაარსობრივად მათში არაფერი შეცვლილა. ჩვენი მიზანი არც თავიდან ყოფილა და არც ახლა არის ოპონირების შეფერხება. გახარიას გუნდს ეძლეოდა შანსი, შეეცვალა ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა და ჩამჯდარიყო კონსტიტუციურ წყობაში. ამ შანსის გამოუყენებლობა და ის მოქმედებები, რომელთაც ისინი წარსულში თუ ახლა ემსახურებიან, გახდება ჩვენი კონსტიტუციური სარჩელის საფუძველი.
ამასთან, გახარიას პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც პარლამენტსა თუ საკრებულოებში არიან, მანდატებს შეინარჩუნებენ. ეს ინიციატივა არ გულისხმობს განსხვავებულ აზრთან ბრძოლას ან ოპოზიციის არსებობის წინააღმდეგობას. პირიქით, ნებისმიერი ოპონენტი, რომელიც მოქმედებს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე და წარმოადგენს კონსტრუქციულ, რეალურ ოპოზიციურ ფლანგს, ჩვენთვის მისასალმებელია.
თუმცა, პარტია, რომელიც სრულად იზიარებს „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკას, ემსახურება რევოლუციურ სცენარებს, საქართველოს საერთაშორისო დისკრედიტაციას და, რაც მთავარია, სისტემატურად უგულებელყოფს კონსტიტუციურ ინსტიტუტებსა და იბრძვის მათ წინააღმდეგ - ეს საკმარისი და საკმაოდ მყარი საფუძველია ჩვენი კონსტიტუციური სარჩელისთვის”, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
ცნობისთვის, „ქართული ოცნება” საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიის "გახარია საქართველოსთვის" აკრძალვასთან დაკავშირებითაც მიმართავს. ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
მიმდინარე კვირაში საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინება საკონსტიტუციო სარჩელი, რომელსაც დაემატება ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია.