ვიკა ფილფანი - ამ ქვეყანაში კრიმინალებმა იციან, რომ ადამიანის მოკვლა უმკაცრესად არ ისჯება, თუმცა ციხეში სხედან ტროტუარზე დგომისთვის - რა უფრო აწუხებს სახელმწიფოს, კრიმინალი თუ კრიტიკულ ადამიანთან ბრძოლა? - დაიწყეთ კრიმინალთან რეალური ბრძოლა

10 სექტემბერს თბილისში 17 წლის ბიჭი მოკლეს, 28 აგვისტოს ოზურგეთში 62 წლის ქალი მოკლეს, 22 ივლისს ხორავაზე 18 წლის ბიჭი მოკლეს, შარტავაზე ჯგუფურად მოკლეს მამაკაცი, ადამიანი დაჭრეს - 14 სექტემბერს, 10 სექტემბერს, 4 სექტემბერს, 28 აგვისტოს, 28 ივლისს, 23 ივლისს და ეს სია უსასრულოა. 2026 წლის I კვარტალში 14,716 დანაშაული დარეგისტრირდა, რეალური რიცხვი გაცილებით მაღალია - ის, რომ ქვეყანაში კრიმინალი ყვავის, არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა,- ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის დეპუტატმა ვიკა ფილფანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მოუწოდა დროებით გვერდზე გადადონ პოლიტიკურ კომფორტზე ზრუნვა და დაიწყონ კრიმინალთან რეალური ბრძოლა.

„2026 წლის I კვარტალში 14,716 დანაშაული დარეგისტრირდა, რეალური რიცხვი გაცილებით მაღალია. 532 - განზრახ მკვლელობა, 1,804- ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება. სამ მილიონიან ქვეყანაში 6 თვეში 532 მკვლელობა საგანგაშო რიცხვია.

ჩვენი ქვეყანა კრიზისშია. არა მხოლოდ სოციალურ, არამედ უსაფრთხოების კრიზისში. კრიმინალი გაიზარდა ყველა მიმართულებით - მკვლელობა, ძარცვა, ძალადობა, თაღლითობა, ნარკოტიკები. დღე არ გადის რომ ქვეყანაში ადამიანი არ მოკლან ან არ დაჭრან. დღის სინათლეზეც კი აღარ არის ადამიანებისთვის ქუჩაში ყოფნა უსაფრთხო.

ის, რომ ქვეყანაში კრიმინალი ყვავის, არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, შედეგი იმისა, რომ ხელისუფლებისთვის კრიმინალთან ბრძოლა პრიორიტეტი არ არის, არათუ პრიორიტეტი არ არის, ხშირ შემთხვევაში ახალისებს კიდეც მას. ამ ქვეყანაში კრიმინალებმა კარგად იციან, რომ ადამიანის მოკვლის შემდეგ ციხეს შეუძლიათ თავი დააღწიონ გირაოს დახმარებით, ძალიან კარგად იციან, რომ ადამიანის მოკვლა უმკაცრესად არ ისჯება, თუმცა ამის პარალელურად, ციხეში სხედან ადამიანები 400- ლარიანი ჯებირის დაზიანებისთვის, პირბადის ტარებისთვის, ტროტუარზე დგომისთვის, სილის გაწვნისთვის, ბანერზე წარწერის გაკეთებისთვის. მაშინ, ჩნდება კითხვა, რა უფრო აწუხებს სახელმწიფოს, კრიმინალი თუ კრიტიკულ ადამიანთან ბრძოლა. სისტემის კისერზეა ყველა შეწყვეტილი სიცოცხლე, რომელიც იარაღით მორბენალი კრიმინალების წახალისებას მოჰყვა. ხელისუფლების კისერზეა, იმიტომ, რომ ვხედავთ სახელმწიფოსთან ინტეგრირებულ კრიმინალურ ავტორიტეტებს, ქურდული სამყაროს რომანტიზებას და ქვეყნის მართვაში ჩართვას, რისი ნათელი დასტურიც არის ის, რომ კრიმინალური ავტორიტეტები აშენებენ ჰესებს, მაღალსართულიან კორპუსებს, ჩართულები არიან მსხვილი ბიზნესების მართვაში. გაცხადებულად ძალადობრივი ჯგუფები იქმნება, რასაც სახელმწიფო ღიად უჭერს მხარს“,- განაცხადა ფილფანმა.

მისი თქმით, კრიმინალთან ერთად ქვეყანაში ნარკოტიკის პანდემიაა.

„ნარკო-კარტელად იქცა დედაქალაქში. ზედოზირებით გარდაცვლილთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, იზრდება მოხმარების რიცხვიც, რეგიონი და სოფელი არ დარჩა, სადაც ოჯახები არ გაუბედურდნენ. სადარბაზოებში, სკოლის კედლებზე, გაჩერებებსა და სკვერებში ნარკოტიკის რეკლამა და ნარკოტიკის შეძენის სტიკერებია გამოკრული. სკოლის მოსწავლესაც კი უმარტივესად შეუძლია შეიძინოს ნარკოტიკი. იმის ნაცვლად, რომ ამ გამოკრულ სტიკერებს და ინფორმაციას ებრძოდეთ, კედელ-კედელ დასდევთ „ანწუხელიძე გმირია!“ წარწერებს.

იმას, რომ სახელმწიფოს არ აქვს ნარკოტიკის წინააღმდეგ ბრძოლის სტატისტიკა, მოჰყვა ის სავალალო შედეგი, რაც სახელმწიფოში დღეს ამ მიმართულებით დგას. სახელმწიფო არ აწარმოებს ზედოზირების სტატისტიკას, არ აწარმოებს გარდაცვლილთა სტატისტიკას, არ აწარმოებს მოხმარების გაზრდის სტატისტიკას და ასევე, არ აწარმოებს რეაბილიტირებულთა სტატისტიკას. მაშინ, რა კრიტერიუმი გვრჩება იმის შესაფასებლად, რომ ნარკოპოლიტიკა ამ ქვეყანაში საერთოდ არსებობს. სტრუქტურები, რომლებიც კრიმინალს უნდა ებრძოდნენ და ადამიანს უნდა იცავდნენ, სინამდვილეში დაკავებულები არიან კომენტარების კითხვით და „ქართული ოცნების“ ოპონენტების დევნით. შეგახსენებთ, რომ თქვენი პასუხისმგებლობა ამ ქვეყანაში ადამიანების კრიმინალისგან დაცვაა. ამიტომ, დროებით გვერდზე გადადეთ პოლიტიკურ კომფორტზე ზრუნვა და დაიწყეთ კრიმინალთან რეალური ბრძოლა, სანამ ეს ისედაც მცირე ერი, ბევრი მიზეზიდან გამომდინარე, საბოლოოდ არ განახევრებულა და შემდეგ არ გამქრალა. და მაინც, რჩება კითხვა, რა უფრო მეტად აწუხებს სახელმწიფოს - კრიმინალი თუ კრიტიკული მოქალაქე?“- განაცხადა ფილფანმა.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად