„ძლიერი საქართველო - ლელოს“ წევრი - რუსთავის #16, #1 და #2 სკოლების მოსწავლეებისთვის დღევანდელი დღე ჩვეულებრივ სასწავლო დღედ ვერ იქცა - მოვითხოვთ პასუხს - როდის დაიწყება თითოეული სკოლის რეაბილიტაცია?

„ძლიერი საქართველო - ლელოს“ რუსთავის ორგანიზაციის ხელმძღვანელი და რუსთავის საკრებულოს წევრი, ნინო სულაძე ხელისუფლებას და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს მოუწოდებს, პასუხი გასცენ კითხვებს, თუ რა ეტაპზეა სკოლების რეაბილიტაციის პროცესი, რატომ არ დაიწყო სამუშაოები დროულად და ხომ არ იკვეთება ამ პროცესში კორუფციის ნიშნები.

როგორც ნინო სულაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, განათლების სისტემაში არსებული პრობლემები ხელისუფლების სისტემური უმოქმედობის, დაპირებების შეუსრულებლობის და პასუხისმგებლობისგან გაქცევის შედეგია.

„დღეს, 15 სექტემბერს, საქართველოს სკოლებში სასწავლო წელი დაიწყო, მაგრამ რუსთავის #16, #1 და #2 საჯარო სკოლების 1 800-მდე მოსწავლისთვის ეს დღე ჩვეულებრივ სასწავლო დღედ ვერ იქცა. ამ ბავშვებს დღესაც სხვა სკოლებში უწევთ ტრანსპორტირება და დროებით, მათთვის არასათანადო პირობებში სწავლა. ეს აღარ არის უბრალოდ ინფრასტრუქტურული პრობლემა - ეს არის ხელისუფლების სისტემური უმოქმედობის, დაპირებების შეუსრულებლობის და პასუხისმგებლობისგან გაქცევის შედეგი. მეოთხე წელია რუსთაველ ბავშვებსა და მათ ოჯახებს ესმით დაპირებები, რომ სკოლები რეაბილიტირდება, სამუშაოები დაიწყება და მოსწავლეები საკუთარ სკოლებში დაბრუნდებიან, მაგრამ სურათი დღესაც იგივეა, სკოლები არ იხსნება. ყველაზე მძიმე კი ის არის, რომ ამ პროცესზე საზოგადოებას არ აქვს სრული და მკაფიო პასუხი - რატომ ვერ შესრულდა ნაკისრი ვალდებულებები, ვინ არის პასუხისმგებელი დაგვიანებაზე, რა ეტაპზეა სკოლების რეაბილიტაციის პროცესი, რატომ არ დაიწყო სამუშაოები დროულად და ხომ არ იკვეთება ამ პროცესში კორუფციის ნიშნები? საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, რატომ დაიკარგა დრო, სად დაირღვა ვალდებულებები და ვინ არის პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე.

ჩვენ მოვითხოვთ რუსთავის ადგილობრივი ხელისუფლებისგან და შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისგან პასუხს კითხვებზე - ზუსტად როდის დაიწყება თითოეული სკოლის რეაბილიტაცია? რა ვადებში დასრულდება სამუშაოები? როდის დაბრუნდებიან ბავშვები საკუთარ სკოლებში? ამ კითხვებზე პასუხი დღესვე უნდა არსებობდეს. ჩვენ მოვითხოვთ პასუხისმგებლობას, გამჭვირვალობას და კონკრეტულ ვადებს. ბავშვების განათლება ვერ იქნება ხელისუფლებისთვის გადადებული საკითხი“,-განაცხადა ნინო სულაძემ.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად