„საქართველოს ბანკმა“ „GMAP ბაზრის განვითარების ფორუმში“ მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) და საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის (GFMTA) ორგანიზებითა და Nasdaq-თან პარტნიორობით, თბილისში, ორდღიანი საერთაშორისო ღონისძიება „GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი 2026“ გაიმართა.

ფორუმის ფარგლებში საზოგადოებას წარედგინა საქართველოს ფინანსური ბაზრების განვითარების პროგრამის (GMAP) კონცეფცია. GMAP-ის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს ფინანსურ ბაზრებზე რისკის მართვისა და ჰეჯირების ინსტრუმენტების ხელმისაწვდომობის ზრდას და მეტად ლიკვიდური და საერთაშორისოდ ხელმისაწვდომი ფასიანი ქაღალდების ბაზრის ფორმირებას. ამ მიზნის მისაღწევად, სხვა ინიციატივებთან ერთად, მნიშვნელოვანი როლი აქვს თანამედროვე სახაზინო ინფრასტრუქტურის დანერგვას, რაც საშუალებას მისცემს ადგილობრივ კომერციულ ბანკებს, ბაზარს რისკის ჰეჯირების უფრო მეტად ხელმისაწვდომი და მრავალფეროვანი ინსტრუმენტები შესთავაზონ.

ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი საკითხი ბაზრის განვითარების ინიციატივის ტექნოლოგიური კომპონენტი იყო, რომელიც Nasdaq-თან ერთად ხორციელდება. საზიარო სახაზინო მართვის სისტემის დანერგვის პროექტის ფარგლებში საქართველოს ბანკი სახაზინო ოპერაციებს Nasdaq Calypso-ს ბაზაზე განახორციელებს, რომელიც სახაზინო ოპერაციების სრულ ციკლს ფარავს. საზიარო სისტემა პრაქტიკულ ინსტრუმენტია, რომელიც საქართველოს საბანკო სექტორს აძლევს საშუალებას, განავითაროს ის შესაძლებლობები, რომლებიც GMAP-ის ფარგლებში დასახული ბაზრის განვითარების მიზნების მისაღწევად არის საჭირო.

ფორუმი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ გახსნა. ფორუმის მონაწილეების წინაშე მისასალმებელი სიტყვით წარდგნენ GFMTA-ის აღმასრულებელი მდივანი ლაშა ჯუღელი და Nasdaq-ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი ბრედ უილმოტი.

საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები და ოფიციალური პირები, მათ შორის ცენტრალური ბანკები, სახელმწიფო უწყებები, კომერციული ბანკები, საბაზრო ინფრასტრუქტურის პროვაიდერები, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის მონაწილეები, რომლებმაც საქართველოს ფინანსური ბაზრების განვითარების პროგრამის (GMAP) ფარგლებში მიღწეული პროგრესი და შემდგომში დაგეგმილი ნაბიჯები განიხილეს. მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ბაზრების განვითარების საერთაშორისო გამოცდილება, ქართული ბანკების სახაზინო ოპერაციების ტრანსფორმაცია, ლარში დენომინირებული დერივატივების ბაზრის სამართლებრივი საფუძვლები და პრაქტიკული მექანიზმები. ასევე, ობლიგაციების ბაზრის ლიკვიდობის ზრდის საკითხები.

(R)

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად