ეტყობა ინერციით დააჭირეს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტს განუცხადა.
კერძოდ, ვოლსკის „ტვ პირველის“ ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა ფრაქცია “საქართველოსთვის" საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით 2024 წლამდე მოქმედი ნორმების აღდგენას ითვალისწინებდა, “ქართული ოცნებისა“ და “ხალხის ძალის“ 16 დეპუტატის მხარდაჭერის დაფიქსირებაზე.
„ეტყობა, ინერციით რომ ვაჭერდით იმას [ღილაკს] , ეტყობა ინერციით დააჭირეს“, - აღნიშნა ვოლსკიმ და დასძინა, რომ „მაყურებელი გაიგებს რასაც ნიშნავს“.
ფრაქცია “საქართველოსთვის" საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით 2024 წლამდე მოქმედი ნორმების აღდგენას ითვალისწინებდა, “ქართული ოცნებისა“ და “ხალხის ძალის“ 16-მა დეპუტატმა მისცა ხმა.
კენჭისყრის შედეგები ფრაქცია “საქართველომ" გამოაქვეყნა. იმ 28 დეპუტატს შორის, რომელთაც საკანონმდებლო პაკეტს მხარი დაუჭირეს, “ქართული ოცნებისა“ და “ხალხის ძალის“ შემდეგი წევრები არიან: - ირაკლი კირცხალია, თორნიკე ბერეკაშვილი, ისკო დასენი, ზაალ დუგლაძე, ვახტანგ თურნავა, სამველ მანუკიანი, გურამ მაჭარაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, ეკა სეფაშვილი, ალუდა ღუდუშაური, გოდერძი ჩანქსელიანი, ვასილ ჩიგოგიძე, თეა წულუკიანი, გივი ჭიჭინაძე და გიორგი ჭყონია.
აღსანიშნავია, რომ კენჭისყრის წინ სხდომის წამყვანმა შალვა პაპუაშვილმა კოლეგებს მიმართა, გაეთვალისწინებინათ, რომ კენჭისყრაზე შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით ფრაქცია “საქართველოსთვის“ მიერ წარდგენილი პროექტი დგებოდა.
კენჭისყრის შედეგით 28 - მომხრე, 16 - წინააღმდეგი, საკანონმდებლო ინიციატივა “ჩავარდა“.