ჩემი ინფორმაციით, განცხადება ტექნიკური ხარვეზის შესახებ ჯერ მხოლოდ ვარაუდია - თუ ამის სურვილი აქვთ, გახარიას პარტიამ ოფიციალურად, წერილობით უნდა მიმართოს შესაბამის სამსახურს - ისინი დაუდასტურებენ, იყო თუ არა ტექნიკური ხარვეზი, და ამის შემდეგ მოითხოვონ ხელახალი კენჭისყრა, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ზვიად შალამბერიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მოთხოვნას, რომ მათი გუნდის მიერ შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტზე ხელახალი კენჭისყრა ჩატარდეს.
შალამბერიძის თქმით, თუ შესაბამისი სამსახურები დაადასტურებენ, რომ ტექნიკური ხარვეზი მართლაც მოხდა, პარლამენტი რეგლამენტის მიხედვით იმოქმედებს.
“არსებობს პარლამენტის რეგლამენტი და ჩვენ მის შესაბამისად ვიმოქმედებთ. ჩემი ინფორმაციით, განცხადება ტექნიკური ხარვეზის შესახებ ჯერ მხოლოდ ვარაუდია. თუ შესაბამისი სამსახურები დაადასტურებენ, რომ ტექნიკური ხარვეზი მართლაც მოხდა, პარლამენტი რეგლამენტის მიხედვით იმოქმედებს.
მე ბოლომდე ვერ დაგიდასტურებთ [ხარვეზი იყო თუ არა]. ეს არის ვარაუდი, რომ შესაძლოა ტექნიკური ხარვეზი ყოფილიყო. შესაბამისი სამსახურის თანამშრომელი არ ვარ, რომ ზუსტად გითხრათ.
თუ ამის სურვილი აქვთ, გახარიას პარტიამ ოფიციალურად, წერილობით უნდა მიმართოს შესაბამის სამსახურს. ისინი დაუდასტურებენ, იყო თუ არა ტექნიკური ხარვეზი და ამის შემდეგ მოითხოვონ ხელახალი კენჭისყრა. ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ”, - განაცხადა შალამბერიძემ.
ცნობისთვის, ფრაქცია “საქართველოსთვის" საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით 2024 წლამდე მოქმედი ნორმების აღდგენას ითვალისწინებდა, “ქართული ოცნებისა“ და “ხალხის ძალის“ 16-მა დეპუტატმა მისცა ხმა.
კენჭისყრის შედეგები ფრაქცია “საქართველომ" გამოაქვეყნა. იმ 28 დეპუტატს შორის, რომელთაც საკანონმდებლო პაკეტს მხარი დაუჭირეს, “ქართული ოცნებისა“ და “ხალხის ძალის“ შემდეგი წევრები არიან: - ირაკლი კირცხალია, თორნიკე ბერეკაშვილი, ისკო დასენი, ზაალ დუგლაძე, ვახტანგ თურნავა, სამველ მანუკიანი, გურამ მაჭარაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, ეკა სეფაშვილი, ალუდა ღუდუშაური, გოდერძი ჩანქსელიანი, ვასილ ჩიგოგიძე, თეა წულუკიანი, გივი ჭიჭინაძე და გიორგი ჭყონია.