აღმაშენებლის გამზირის ნაწილის რეაბილიტაციაზე გამოცხადებული ტენდერი არ შედგა. Bpn.ge-ს ცნობით, ჩუღურეთის რაიონში, თამარ მეფის გამზირიდან სანქტ-პეტერბურგის ქუჩამდე მონაკვეთის რეაბილიტაციის მიზნით, თბილისის მერიამ შესყიდვა 13 აგვისტოს გამოაცხადა. სამუშაოების შესყიდვის ღირებულება 6 696 865 ლარი იყო.
წინადადებების მიღება 3 სექტემბერს სრულდებოდა, თუმცა, როგორც შესყიდვების ვებგვერდზე არსებული ინფორმაციიდან ირკვევა ტენდერი არ შედგა.
როგორც ცნობილია, მერია აღმაშენებლის გამზირის აღნიშნულ მონაკვეთზე დაზიანებული ქვაფენილის ასფალტის ახალი საფარით ჩანაცვლებას გეგმავს.
ამასთან, გზის რეაბილიტაციის ფარგლებში იგეგმება: ტროტუარების რეაბილიტაცია და საჭიროების შემთხვევაში დაზიანებული გრანიტისა და ტრავერტინის ფილების ახალი, ანალოგიური მასალით ჩანაცვლება, ეზოებში შესასვლელებისა და გზასთან არსებული მიერთებების მოწესრიგება, სანიაღვრე სისტემის აღდგენა და ახალი წყალსაშვები ჭების მოწყობა.
ამასთან, რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს ტერიტორიაზე ნარჩენების კონტეინერებისთვის სპეციალური ჯიბეების მოწყობას, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგზაო მონიშვნისა და ახალი საგზაო ნიშნების დამონტაჟებას.