ეს არის ურბანული გენოციდი, როდესაც მწვანე სივრცის ადგილას შენდება კორუფციული პროექტები, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, საბა ბუაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ „ტრამპ თაუერის“ პროექტთან დაკავშირებით განაცხადა.
ბუაძის თქმით, იპოდრომზე ცათამბჯენების აშენებისა და ყველა იმ პროექტის დასრულების შემდეგ, რაც მიმდებარე ტერიტორიაზე ხორციელდება, ქალაქი სრულად პარალიზებული გახდება და მდგომარეობა კიდევ უფრო გაუსაძლისი იქნება.
„იპოდრომის ტერიტორია კარგი მაგალითია იმისა, თუ რა მიმართულებით მიდის საერთოდ ქალაქი, როგორი პრობლემები იქმნება და როგორ მიმდინარეობს ის, რასაც მე ურბანული გენოციდი დავარქვი - ამ ქალაქის აოხრება ბეტონის ჯუნგლებისა და კორუფციული სამშენებლო პროექტების ხარჯზე.
იპოდრომის ტერიტორია სახელმწიფოს ეკუთვნოდა. შემდეგ მოხდა ამ ტერიტორიის ნაწილის კერძო ხელში გადასვლა 90-იან წლებში და შემდეგ მოხდა სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფის მიერ ამ ტერიტორიის ნაწილის ხელში ჩაგდება, სადაც დღეს ძალიან ინტენსიურად არის გაშენებული კორპუსები. დარჩა სოლიდური ნაწილი ამ ტერიტორიის, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ბიძინა ივანიშვილს გადაეცა. ბიძინა ივანიშვილმა ეს ტერიტორია „ქართუ ჯგუფის“ საშუალებით 50 მლნ დოლარად იყიდა. წლების განმავლობაში ეს მისი საკუთრება იყო და არანაირი განვითარება ამ ტერიტორიაზე არ ხდებოდა. სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ ამ ტერიტორიის გასხვისება და განვითარება გადაწყდა.
2024 წელს ამ ტერიტორიის ნაწილზე გაიცა მშენებლობის ნებართვა. ეს ნაწილი ამ ტერიტორიის ყველაზე ფასეული ნაწილია. ნაკლებად ფასეული და ქალაქისთვის უფრო ეკოლოგიური და ურბანული თვალსაზრისით უფრო ნაკლები ღირებულების მქონე ნაწილი ივანიშვილისგან საჩუქრად მიიღო თბილისმა და ახლა იქ უნდა აშენდეს პარკი, მაგრამ პროექტი არავის აქვს ნანახი. მუნიციპალიტეტმა საჭიროდ არ ჩათვალა, რომ ხალხისთვის ეჩვენებინა, რა პროექტით აკეთებს იქ პარკს და საერთოდ რა კეთდება.
400 ათასი კვადრატული მეტრის ფართობზე გაიცა მშენებლობის ნებართვა, სადაც აშენდება 6 ცათამბჯენი, რომელთაგან ყველაზე მაღალი არის 67 სართული. ეს რამდენიმე თვალსაზრისით არის პრობლემა - ეკოლოგიური თვალსაზრისით, რადგან მართლაც ეკოლოგიური, ქალაქისთვის უძვირფასესი, უკანასკნელი მწვანე სივრცე, სადაც აღრიცხულია 12 ათასზე მეტი ნარგავი, განადგურდება. გარდა ამისა, წარმოიდგინეთ, რას უზამს ეს ცათამბჯენები ქალაქის ცენტრს, როცა 400 ათასი კვადრატული მეტრის ფართობი აშენდება საცხოვრებელი და სავაჭრო სივრცეებით. ეს იქნება კატასტროფა, მათ შორის, სატრანსპორტო თვალსაზრისით იმიტომ, რომ ამის წამოჭიმვა, ახალი ნაკადების მოზიდვა პარალიზებას მოახდენს. გაუსაძლისი იქნება მდგომარეობა, როდესაც აქაც და მიმდებარე ტერიტორიებზეც ყველა ის პროექტი აშენდება, რომლებიც იგეგმება.
ეს არის ურბანული გენოციდი, როდესაც მწვანე სივრცის ადგილას შენდება კორუფციული პროექტები“, - განაცხადა საბა ბუაძემ.