აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი საზოგადოებას შეახსენებს, რომ უცხოელ აგენტად რეგისტრაციის წესის დარღვევა სამოქალაქო და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, - ამის შესახებ დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„დეპარტამენტი კანონის უზენაესობის დაცვისა და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთგულია, როგორც გარე, ისე შიდა მტრისგან. ის ამას ფედერალური კანონმდებლობის დამრღვევი პირების პასუხისგებაში მიცემის გზით ასრულებს. ასეთი ორი ფედერალური კანონია: „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (FARA) და აშშ-ის სისხლის სამართლის კოდექსის 951-ე მუხლი“, - ნათქვამია განცხადებაში.
იუსტიციის დეპარტამენტი, როგორც აშშ-ის, ისე უცხო ქვეყნების მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ფედერალური კანონები დაიცვან.
„თუ პირი უცხოური ძალის აგენტის სახით მოქმედებს ნებისმიერი საჯარო საქმიანობის განსახორციელებლად, მათ შორის საჯარო დემონსტრაციის მოწყობისთვის, რომლის მიზანიც უცხოური ძალის პროპაგანდის გავრცელებაა, ის უნდა დარეგისტრირდეს ან შესაბამის ფედერალურ ორგანოს შეატყობინოს. ამის შეუსრულებლობამ, შესაძლოა, სერიოზული სამოქალაქო ან სისხლისსამართლებრივი სასჯელი გამოიწვიოს, მათ შორის, ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.