სიმბოლურია, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ლინდსი გრემის სანქციების კანონპროექტი უკრაინაზე რუსეთის მორიგი თავდასხმის ღამეს მიიღო, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ იერიში ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით განახორციელა.
„კიდევ ერთხელ, სამიზნე სამოქალაქო ინფრასტრუქტურა გახდა. დაზიანება რვა ოლქში დაფიქსირდა. რუსებმა სუმისა და ოდესის ოლქებში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიიტანეს იერიში. კიევსა და ოდესაში კი ჩვეულებრივ საცხოვრებელ სახლებს დაარტყეს. დაშავდა 10-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ბავშვები“, - წერს ზელენსკი X-ზე.
მისი თქმით, „ლინდსი გრემის კანონპროექტი ამ ომის წყაროს, რუსეთის წინააღმდეგ ძალიან ძლიერი ინსტრუმენტია, რომელსაც შეუძლია ეს ტერორისტული ომი შეაჩეროს და რუსეთი იქამდე მიიყვანოს, რომ მშვიდობას დათანხმდეს“.
„სანქციები ძლიერი უნდა იყოს, რათა აშშ-სთან, ევროპასთან და სხვა მეგობრებთან ერთად ჩვენმა ერთობლივმა დიპლომატიურმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღოს“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.