ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებლად ანტონ კოვალსკი დანიშნა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია უკრაინის პრეზიდენტის განკარგულებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ანტონ კოვალსკი 2025 წლის ივლისიდან ხმელნიცკის საოლქო პროკურატურის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებს.
კოვალსკიმ აღნიშნულ თანამდებობაზე რუსლან კრავჩენკო შეცვალა, რომელიც უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის მიერ სატელეფონო ცენტრების მფარველობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფონზე გადადგა. გამოძიება თაღლითური სატელეფონო ცენტრების ქსელისა და აქტივების გათეთრების მფარველობაში გენერალური პროკურატურის თანამდებობის პირის ხელმძღვანელობით მოქმედი ჯგუფის მონაწილეობას ეხება.
უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსლან კრავჩენკოს გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გათავისუფლებას მხარი 15 სექტემბერს დაუჭირა.