თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს საკუთარი თავი და ამიტომ ეძებენ მიზეზებს, ხან ტექნიკურს და ხან მექანიკურს შორის - ეს ასე არ არის, ამიტომ, თუ ძალიან განიცდიან, და როგორც ჩანს, განიცდიან, თავიდან ჩავატაროთ კენჭისყრა, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, შალვა კერესელიძემ განაცხადა, რითაც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით, 2024 წლამდე მოქმედი ნორმების აღდგენასთან დაკავშირებით, ფრაქცია „საქართველოსთვის" საკანონმდებლო ინიციატივაზე, „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ 16 დეპუტატის მხარდაჭერის დაფიქსირებაზე დასმულ კითხვას უპასუხა.
მისივე თქმით, კანონპროექტზე უმრავლესობის 16 დეპუტატის მხარდაჭერა მიზანმიმართული გადაწყვეტილება იყო.
„თავის გამართლების მიზნით, ზოგმა შემთხვევითობას დააბრალა, ზოგმა ტექნიკურ შეცდომას, ზოგმა რას, მაგრამ ფაქტი არის ერთი - შეიძლება, დავუშვათ რაღაც რაოდენობა, რომ მექანიკურად მოხდა, მაგრამ ის, რომ 16-მა ადამიანმა ასეთი შეცდომა დაუშვა და წინააღმდეგის ნაცვლად, მხარი დაუჭირა, ასეთი რამ არ არსებობს. მეტსაც გეტყვით, ძალიან ბევრია, ვინც უბრალოდ მხარი არ დაუჭირა, ვინც თავი შეიკავა და მონაწილეობა არ მიიღო კენჭისყრაში, ამიტომ ამას ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ. ეს არის ჩვეულებრივად მიზანმიმართული გადაწყვეტილება და თუ ეს ასე არ არის, ჩვენ გუშინაც შევთავაზეთ - ჩავატაროთ თავიდან კენჭისყრა. არავითარი პრობლემა არ არის. გულწრფელად მჯერა, რომ ეს არ არის ტექნიკური შეცდომა და ეს არ არის 100%-ით შემთხვევითობა," - განაცხადა კერესელიძემ.
ცნობისთვის, ფრაქცია „საქართველოსთვის" საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით 2024 წლამდე მოქმედი ნორმების აღდგენას ითვალისწინებდა, “ქართული ოცნებისა“ და “ხალხის ძალის“ 16-მა დეპუტატმა მისცა ხმა. კენჭისყრის შედეგები ფრაქცია “საქართველომ" გამოაქვეყნა. იმ 28 დეპუტატს შორის, რომელთაც საკანონმდებლო პაკეტს მხარი დაუჭირეს, “ქართული ოცნებისა“ და “ხალხის ძალის“ შემდეგი წევრები არიან: - ირაკლი კირცხალია, თორნიკე ბერეკაშვილი, ისკო დასენი, ზაალ დუგლაძე, ვახტანგ თურნავა, სამველ მანუკიანი, გურამ მაჭარაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, ეკა სეფაშვილი, ალუდა ღუდუშაური, გოდერძი ჩანქსელიანი, ვასილ ჩიგოგიძე, თეა წულუკიანი, გივი ჭიჭინაძე და გიორგი ჭყონია.