ირაკლი კობახიძე „ნამახვანჰესზე“ - იყო საბოტაჟი, აქციები „დიფ სთეითისა“ და „გლობალური ომის პარტიის“ მიერ დაფინანსებული NGO-ების მხრიდან, მაშინ უცხოური აგენტურა უფრო ძლიერი, სახელმწიფო ბევრად სუსტი იყო - იგივე რამ  მომავალში აღარ განმეორდება

პროტესტში ჩართულნი იყვნენ კონკრეტული წყაროებიდან დაფინანსებული NGO-ები. ვინ აფინანსებდა ამ NGO-ებს? ვისაც ჩვენ „დიფ სთეითს“ და „გლობალურ ომის პარტიას“ ვეძახით - შესაძლოა, იმპორტიორ კომპანიებსაც ჰქონოდათ ინტერესი, დაეფინანსებინათ ასეთი საბოტაჟის კამპანია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვაშინგტონის ფედერალური მოსამართლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიხედვითაც საქართველოს თურქულ კომპანია Enka Renewables LLC-ს 350 მლნ დოლარი (პლუს პროცენტის) გადახდა დაევალა, „ნამახვანჰესის” შეჩერებისათვის.

მისი თქმით, ის რაც რამდენიმე წლის წინ მოხდა, მომავალში აღარ განმეორდება.

„ეს ყველაფერი რამდენიმე წლის წინ მოხდა. იყო პირდაპირი საბოტაჟი, ეწყობოდა აქციები ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, რასაც შემდეგ მოჰყვა გადაწყვეტილების მიღება ჰესის არაშენებასთან დაკავშირებით. კონტექსტს შეგახსენებთ, მაშინ უცხოური აგენტურა იყო ბევრად უფრო ძლიერი, ხოლო სახელმწიფო ბევრად უფრო სუსტი. საბოლოო ჯამში, ამან განაპირობა ის, რაც მოხდა.

დღეს ვითარება რადიკალურად განსხვავებულია. ამბიციური გეგმები გვაქვს, ჩვენი გეგმის თანახმად, უნდა აშენდეს 3 დიდი ჰესი, საშუალო და მცირე ჰესები, ქარისა და მზის სადგურები, ამას კი სათანადო ძალისხმევა სჭირდება. დღეს აგენტურა ბევრად უფრო დასუსტებულია, ხოლო ხელისუფლება და სახელმწიფო ბევრად უფრო ძლიერი. აქედან გამომდინარე, ის პროცესები, რაც რამდენიმე წლის წინ უცხოური აგენტურის ინიციატივით განვითარდა, დღეს ვეღარ განვითარდება. სამწუხაროა ის, რაც მოხდა, თუმცა სახელმწიფო სრული პასუხისმგებლობით იმოქმედებს და ის, რაც რამდენიმე წლის წინ მოხდა, მომავალში აღარ განმეორდება.

პროტესტში ჩართულნი იყვნენ კონკრეტული წყაროებიდან დაფინანსებული NGO-ები. ვინ აფინანსებდა ამ NGO-ებს? ვისაც ჩვენ „დიფ სთეითს“ და „გლობალურ ომის პარტიას“ ვეძახით, ზუსტად ეს წყაროები იდგნენ კონკრეტული NGO-ებისა და ძალების უკან. შესაძლოა, იმპორტიორ კომპანიებსაც ჰქონოდათ ინტერესი, დაეფინანსებინათ ასეთი საბოტაჟის კამპანია.

ამის შემდეგ ჩვენ მივიღეთ „გამჭვირვალობის კანონი“, „კანონი გრანტების შესახებ“, FARA და ა.შ. აგენტურა დღეს ბევრად უფრო სუსტია. სახელმწიფო იმოქმედებს პასუხისმგებლობით და შევეცდებით, მაქსიმალურად გამოვნახოთ გზები ალტერნატივის მოძიებაზე, მათ შორის შესაბამის ინვესტორთან კონსულტაციების საფუძველზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, ვაშინგტონის ფედერალურმა მოსამართლემ, შეჩერებული „ნამახვანჰესის” კომპენსაციისთვის, საქართველო დაავალდებულა, თურქულ კომპანია Enka Renewables LLC-ს 350 მლნ დოლარი (პლუს პროცენტით) გადაუხადოს, რაც მთლიანობაში 400 მლნ დოლარზე მეტ კომპენსაციას შეადგენს.

როგორც bpn.ge წერს, ამის შესახებ კოლუმბიის ოლქის სასამართლოს 11 სექტემბრით დათარიღებულ გადაწყვეტილებაში წერია, რაც Justia U.S. Law-ს ვებგვერდზე ვრცელდება. გადაწყვეტილება მოსამართლე ამიტ პ. მეჰტას მიერ არის ხელმოწერილი. სასამართლო დადგენილება უკავშირდება საქართველოს მხრიდან არბიტრაჟის გადაწყვეტილების აღსასრულებლად სასამართლო გარჩევის შეჩერების მცდელობას, რომელიც ქვეყნის ხელისუფლების მიერ ჰიდროელექტროსადგურ „ნამახვანჰესის” 800 მლნ დოლარის პროექტის დახურვას მოჰყვა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა