„ლელო - ძლიერი საქართველო“ მოითხოვს, განათლების სამინისტრომ უზრუნველყოს სკოლები საკმარისი რაოდენობის სპეციალური მასწავლებლებითა და ასისტენტებით, გააუმჯობესოს მათი ანაზღაურება და შექმნას „რეალურად ინკლუზიური გარემო“

„ლელო - ძლიერი საქართველო“ მოითხოვს, რომ განათლების სამინისტრომ დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სკოლები საკმარისი რაოდენობის სპეციალური მასწავლებლებითა და ასისტენტებით, გააუმჯობესოს მათი ანაზღაურება და შექმნას რეალურად ინკლუზიური გარემო. აღნიშნულის შესახებ პარტიის წევრებმა, ვატო სურგულაძემ და ნინო ქათამაძემ ჟურნალისტებს განუცხადეს, როდესაც ისაუბრეს სკოლებში ინკლუზიური გარემოს შექმნის საჭიროებაზე.

მათი თქმით, ინკლუზიური განათლება საქართველოში მხოლოდ ფურცელზე დაწერილი უფლებაა. პარტიის წევრების განცხადებით, ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს საჯარო სკოლებში დღეს 14 ათასამდე სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლე სწავლობს, სისტემას კი მათთვის მხოლოდ 2500 სპეცმასწავლებელი ჰყავს გამოყოფილი, რაც იმას ნიშნავს, რომ 6 მოსწავლეზე 1 მასწავლებელი მოდის და ეს „ლელოს“ შეფასებით, არასაკმარისია. „ლელო- ძლიერი საქართველო“ თქმით, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა რეგიონებში, სადაც ის 1 მასწავლებელიც კი, პრობლემა ხდება.

„ამის მიზეზი, გარდა პროფესიულად გადამზადებული კადრების არარსებობისა, შრომის ანაზღაურებაა, რადგანაც სპეცმასწავლებლები ბავშვების რაოდენობის მიხედვით იღებენ ანაზღაურებას. საქართველოს განათლების სისტემა არა სპეციალურ საჭიროებათა მქონე ბავშვების ინდივიდუალურ საჭიროებებზე, არამედ

არსებული რესურსის დეფიციტზეა მორგებული, რის შედეგადაც ზარალდება სპეცსაჭიროების მქონე ბავშვი და მისი მომავალი, რომელიც სწორედ სასკოლო ასაკში ფორმირდება.

დღეს საქართველოში ათასობით სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვისთვის სკოლა რეალურად არ არის თანაბარი შესაძლებლობის სივრცე. ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყანაში ინკლუზიური განათლება უზრუნველყოფილია, თუმცა რეალობა სულ სხვაა - სკოლებში არ არის საკმარისი სპეციალური მასწავლებელი და პერსონალური ასისტენტები, არ არის სრულად ადაპტირებული ინფრასტრუქტურა და ბავშვებს ხშირად არ აქვთ საჭირო სასწავლო რესურსებზე წვდომა.

ყველაზე მძიმე პრობლემა კი, ადამიანური რესურსის დეფიციტია. ბავშვს შეიძლება ჰქონდეს განათლების მიღების სურვილი და შესაძლებლობა, მაგრამ შესაბამისი სპეციალისტის არყოფნის გამო, სრულფასოვნად ვერ ჩაერთოს სასწავლო პროცესში.

ეს არ არის უბრალოდ განათლების სისტემის ხარვეზი, ეს არის ბავშვის ფუნდამენტური უფლების დარღვევა! ყველა ბავშვს აქვს უფლება, მიიღოს ხარისხიანი განათლება თანატოლებთან ერთად, ღირსეულ და მის საჭიროებებზე მორგებულ გარემოში.

ჩვენ მოვითხოვთ, განათლების სამინისტრომ დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სკოლები საკმარისი რაოდენობის სპეციალური მასწავლებლებითა და ასისტენტებით, გააუმჯობესოს მათი ანაზღაურება და შექმნას რეალურად ინკლუზიური გარემო. სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვის განათლება არ შეიძლება იყოს დამოკიდებული იმაზე, იპოვის თუ არა სკოლა სპეციალისტს“, - აცხადებენ პარტიაში.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა