საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახლადდანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულთან, კორტნი ოსტრიანთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
მინისტრმა ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატება უსურვა შემდგომ საქმიანობაში.
„შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აშშ-ის შორის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. მათ შორის, ურთიერთობების სამომავლო განვითარების პერსპექტივები ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა ორმხრივი ვაჭრობა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ინვესტიციები, დაკავშირებადობის გაძლიერება და სხვ.
ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის მნიშვნელობაზე რეგიონში დაკავშირებადობის გაძლიერების კუთხით და საქართველოს მზაობაზე, მოემსახუროს გაზრდილ ტვირთნაკადს აზიასა და ევროპას შორის. ქართულმა მხარემ დეტალურად ისაუბრა მთავრობის სტრატეგიულ ხედვაზე, განავითაროს საკუთარი სატრანსპორტო - ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა და ამით ხელი შეუწყოს ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას შუა დერეფანში. ხაზი გაესვა ისეთ პროექტებს, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური, რკინიგზის მოდერნიზაცია, აღმოსავლეთ - დასავლეთის ავტომაგისტრალი, თბილისის ახალი აეროპორტის მშენებლობა და ზოგადად, ქვეყნის საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარება.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს შავი ზღვის წყალქვეშა ენერგეტიკული კაბელის პროექტსა და ზოგადად, ქვეყნის მწვანე ენერგეტიკის განვითარების შესახებ.
ხაზი გაესვა, რომ შუა დერეფანი არის და მომავალში დარჩება ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო სატრანზიტო მარშრუტად”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
შეხვედრას დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები - გენადი არველაძე და თამარ იოსელიანი.