ირაკლი ფავლენიშვილი - ლევან ხაბეიშვილი წერილში ჩვენ არ გვგულისხმობს - რაც შეეხება ლევან სანიკიძეს, დასვენება ყველას სჭირდება, მან ჩათვალა, რომ აეღო პაუზა, თუმცა არსად წასულა და პარტიაში რჩება

პარტია ნამდვილად გააქტიურებულია - საპროტესტო აქციებიც მალე წამოგვეწევა, სადაც უფრო აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ, ვიდრე აქამდე ვიღებდით , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა.

„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ ირაკლი ფავლენიშვილმა აღნიშნა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მმართველობითი საბჭოს შექმნით უფრო მეტად დემოკრატიული და პლურალისტური ხდება გადაწყვეტილების მიღების პროცესი.

„ვფიქრობ, რომ პარტია ნამდვილად არის გააქტიურებული ბევრი მიმართულებით. მაგალითად, ანტიკორუფციული მიმართულებით, ბევრი აღმოჩენა გვაქვს, ბრიფინგი გვაქვს ხოლმე. საპროტესტო აქციებიც მალე წამოგვეწევა, სადაც უფრო აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ, ვიდრე აქამდე ვიღებდით. ბოლო ერთ თვის განმავლობაში ნაკლებად აქტიური პერიოდი იყო საპროტესტო კუთხით, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ამ მხრივაც უახლოეს მომავალში იქნება სიახლეები.

მთავარია, პარტიის მართვა იყოს უფრო გამჭვირვალე, უფრო ღია, მმართველობითი საბჭოს არსიც ეს არის, რომ ყველა ლიდერი იყოს მმართველობით საბჭოში წარმოდგენილი და ყველას შეეძლოს ყოველდღიურ პროცესში მონაწილეობას მიღება. ამით ხდება არა ერთ ან ორ ადამიანზე პასუხისმგებლობის დაკისრება, არამედ უფრო მეტად დემოკრატიული და პლურალისტური ხდება გადაწყვეტილების მიღების პროცესი“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

კითხვაზე, არის თუ არა „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრების მიერ ოქტომბერ-ნოემბერში დაანონსებული აქციების ორგანიზებაში „ნაციონალური მოძრაობაც“ ჩართული, ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, „ალიანსის ფორმატში შეხვედრებში „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ იღებს მონაწილეობას“

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება ყველგან, სადაც ივანიშვილის საწინააღმდეგო აქცია იქნება,

„როდესაც პროტესტზე ვსაუბრობთ, სადაც ივანიშვილის საწინააღმდეგო აქცია იქნება, ყველგან ვიქნებით. ჩვენც დავაანონსებთ აქციებს“, - განაცხადა ფავლენიშვილმა.

გარდა ამისა, ირაკლი ფავლენიშვილი გამოეხმაურა ლევან სანიკიძის განცხადებას, რომ დღევანდელი მდგომარეობით პარტიის ყოველდღიურ მენეჯმენტში ნაკლებადაა ჩართული.

ფავლენიშვილის თქმით, ლევან სანიკიძე არსად არ წასულა და არც აპირებს წასვლას.

„გარკვეული პერიოდის მანძილზე ის აღარ თვლიდა საჭიროდ, რომ ყოფილიყო ყოველდღიური გადაწყვეტილებების მიღებაში ჩართული. დასვენება ყველას სჭირდება და მან ჩათვალა, რომ აეღო პაუზა, თორემ ჩვენთან ურთიერთობა ჩვეულებრივად აქვს. ლევან სანიკიძე არსად წასულა და არც აპირებს წასვლას. როგორც იყო პარტიაში, ისე რჩება. გადაცემებშიც იქნება და მათ შორის პარტიის ყოველდღიურ მმართველობაშიც ჩაერთვება, უბრალოდ, რაღაც პერიოდის მანძილზე მას ჰქონდა პაუზა, ასე ჩათვალა საჭიროდ. ჩემი ძალიან ახლო მეგობარია, თანამებრძოლია და აბსოლუტურად გაგებით მოვეკიდე მის განცხადებას“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ასევე, ფავლენიშვილმა ისაუბრა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის ციხიდან გამოგზავნილ წერილზე, რომელშიც პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსი აცხადებს: „როდის მოიკრებთ გამბედაობას, როდის გამოხვალთ შეშინებულის, დამფრთხალის პოზიციიდან?! - გამბედაობაა საჭირო და არა „ტვ“-ში დროის გაყვანა, ტივტივი ან საერთოდ ჩირგვებში დამალვა“

ფავლენიშვილის თქმით, ლევან ხაბეიშვილის აღნიშნული განცხადება, მას და მის გუნდს არ ეხება.

ლევან ხაბეიშვილთან მე მაქვს ყოველდღიური ურთიერთობა როგორც შემიძლია, ადვოკატების მეშვეობით. საჯარო პოსტის გარდა არსებობს სხვა უფრო მუშა ფორმატები, სადაც მსგავსი პრეტენზიების არსებობის შემთხვევაში ლევან ხაბეიშვილს შეუძლიათ, რომ მოგვმართოს ჩვენ. აქ უბრალოდ გასაგებია, რომ ლევან ხაბეიშვილი ჩვენ არ გვგულისხმობს. მე რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მოვედი ლევან ხაბეიშვილის უდიდესი დამსახურება გახლავთ.

უფრო მკაფიო რომ იყოს, იგულისხმებიან ის ადამიანები, რომლებიც თუნდაც ლევან ხაბეიშვილის მიმართ ყოველთვის იყვნენ ცინიკური ან სკეპტიკური დამოკიდებულების მქონე. მის იდეებს, თუნდაც ოთხი ოქტომბრის აქციას, ეკიდებოდნენ ნეგატიურ კონტექსტში. ირონიულადაც ხშირ შემთხვევაში და სხვა ალტერნატივებსაც ვერ გვთავაზობდნენ“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა